აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს კენჭისყრის შედეგად მხარი დაუჭირა.

წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრის შედეგები ასე გამოიყურება:

349 – მომხრე, აქედან 168 რესპუბლიკური პარტიისა და 181 დემოკრატიული პარტიის წევრი;
42 – წინააღმდეგი, აქედან 34 რესპუბლიკური პარტიისა და 8 დემოკრატიული პარტიის წევრი;
აქტი ამერიკის პრეზიდენტს რეჟიმის წევრების, მათი ხელშემწყობებისა და ოჯახის წევრებისთვის სანქციების დაწესებას ავალდებულებს.

 

2025 წლის 27 მარტს MEGOBARI Act აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო.

MEGOBARI Act პირდაპირ მიმართულია საქართველოს მოსახლეობის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისკენ და პასუხობს იმ მზარდ შეშფოთებას, რომელიც უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას და რუსეთის გავლენების გაძლიერებას.

დოკუმენტი მოიცავს მოთხოვნას, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ შეაფასოს ქართული დემოკრატიის მდგომარეობა და საჭიროების შემთხვევაში შეადგინოს სანქცირების გეგმა მმართველი ელიტისა და მათი უცხოელი კავშირების მიმართ.

10 მარტს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ორპარტიული MEGOBARI Act [S.868] რამდენიმე პუნქტს მოიცავს:

აშშ-საქართველოს ურთიერთობის სრულ გადახედვას, დახმარების ყველა პროგრამის ჩათვლით;
ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას კონსტიტუციით განმტკიცებული ვალდებულების – ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ;
აშშ-ის პრეზიდენტისთვის მოთხოვნას, დაუწესოს სანქციები ქართული ოცნების ჩინოვნიკებსა და მათ მოკავშირეებს, რომლებიც ჩართული არიან კორუფციაში, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართული არიან სხვა კორუფციულ ქმედებებში, საქართველოში სტაბილურობის საზიანოდ;
ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როდესაც საქართველო შესაბამისობაში იქნება საკუთარ კონსტიტუციურ მოთხოვნებთან;
მხარდაჭერის გამოხატვას საქართველოს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის განგრძობადი და უკანონო ოკუპაციის პირობებში;
მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა, რომელიც იცავდა ქართველ ხალხსა და საქართველოს კონსტიტუციას ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან ბოროტად გამოყენებისგან.

თავდაპირველად, MEGOBARI Act ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში 2024 წლის მაისში რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარემ, ჯო უილსონმა შემოიღო.

banner
წინა სტატიაშიუილსონი: “ოცნებამ” ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე ამერიკული კომპანიების შეთავაზება უარყო
შემდეგი სტატიააშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ MEGOBARI აქტს მხარი დაუჭირა კანონპროექტის ამოქმედებამდე კიდევ რამდენიმე ეტაპია დარჩენილი