აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 5-6 ივლისის მოვლენებზე ისაუბრა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა 5-6 ივლისის მოვლენებზე, TV პირველის ოპერატორის გარდაცვალებეზე ისაუბრა. პრესსპიკერს შეკითხვები ჟურნალისტმა დემნა დევდარიანმა დაუსვა. ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელი იყო თუ არა ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესება ნედ პრაისმა პასუხობს, რომ სანქციები აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც დაწესებმდე არ აცხადებენ, თუმცა აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება.

“სამძიმარს ვუცხადებთ ლექსოს ოჯახს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ინფორმაციას მისი გარდაცვალების შესახებ. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ერთი სიცოცხლე ტრაგიკულად.

ქართველი ჟურნალისტების უსაფრთხოება და დემოკრატიის სანდოობა საქართველოში მოითხოვს, რომ ყველა ინდივიდუალური პირი, რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს 5 და 6 ივლისს, ასევე ისინი ვინც წააქეზა ძალადობა, იქნას იდენტიფიცირებული, დაკავებული და მათ აგონ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით. ლიდერებს საქართველოში და სამართალდამცავ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობასაც, დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება. მოვუწოდებთ, რომ საქართველოში ყველამ, მათ შორის ხელისუფლებამ, საჯაროდ დაგმოს ასეთი ძალადობა. მისი ადგილი არაა დემოკრატიაში.

ჩვენ ამაყად განვაგრძობთ მცდელობებს მსოფლიოს გარშემო, რომ დავიცვათ LGBTQ+ მოსახლეობა ძალადობის, დისკრიმინაციის, კრიმინალიზაციისა და სტიგმისგან. ვცდილობთ გავაძლიეროთ LGBTQ+ მოძრაობები და ადამიანები. კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტქი ჯგუფების წინააღმდეგ და ასეა ამ შემთხვევაშიც, ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია.

პრემიერმინისტრის მომავალს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს არის გადაწყვეტილება რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე მექანიზმი მათ მიმართ ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და ძალადობაში მსოფლიოს გარშემო. სანქციები ნამდვილად არის ამ მექანიზმებიდან ერთ-ერთი. როგორც იცით, წინასწარ არ ვსაუბრობთ სანქციებზე, სანამ არ შემოვიღებთ მას, მაგრამ თვალს ვადევნებთ ვითარებას დიდი ყურადღებით. გვინდა დავინახოთ, რომ ყველა ვინც დანაშაული ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება პოლიტიკურ აქტორებს საქართველოში, კვლავაც მოვუწოდებთ მათ, რომ საჯაროდ დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებ, ჩვენ მოწოდებას ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად სამართლის წინაშე აგონ პასუხი ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენებმა”, – თქვა ნედ პრაისმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: არ ვფიქრობ, რომ ეს კონკრეტული მსხვერპლი არის 5 ივლისის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაკუბაში დაახლოებით 115 დემონსტრანტი დაიჭირეს