აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნიკა გვარამიას საქმეც მოხვდა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეც მოხვდა.

ანგარიშში განხილულია “რუსთავი 2-ის”, ნიკა გვარამიას, გიორგი რურუასა და სხვა საქმეები, რომლებზედაც იკვეთებოდა ხელისუფლების მიერ კრიტიკული მედიის გაჩუმების მცდელობები. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ შეშფოთებას იწვევს, მედიაპლურალიზმის შემცირება და მმართველი პარტიის სასარგებლოდ მედიასაშუალებების კონცენტრაციის გაზრდა.

“1-ლ დეკემბერს “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას აცნობეს, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 7 დეკემბერს განახლდებოდა. ოპოზიციის შეფასებით, ეს იყო მმართველი პარტიის ანგარიშსწორება “მთავარი არხის” მიმართ, რადგან ის აშუქებდა “ნაციონალურ მოძრაობას”. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ კომპანიის დირექტორზე პასუხისმგებლობის დაკისრება, კომპანიის გადაწყვეტილების გამო, უნდა ხდებოდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კიდევ უფრო იშვიათი უნდა იყოს. ნიკა გვარამიამ და მედიის ადვოკატირების რიგმა ჯგუფებმა, სადავო გახადეს ბრალდებები და დაადასტურეს, რომ ისინი პოლიტიკურად იყვნენ მოტივირებულნი”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

“მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს პროკურატურა ედავება ჯერ კიდევ “რუსთავი 2”-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას.

banner
წინა სტატიაშიდღეს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომაა
შემდეგი სტატიაკორონავირუსზე ბოლო 24 საათში 1 051 პირი აიცრა