აშშ-ს საელჩომ დაღუპული ქართველი პოლიციელი ქალის სახელობის ორდენი დააწესა

თბილისში მიმდინარე ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია – „ქალები პოლიციაში“, რომელიც საქართველოს შს სამინისტროს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობდა დასრულდა.

ღონისძიებაში 18 ქვეყნის 300-მდე პოლიციელი ქალი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, წელს პირველად აშშ-ს საელჩომ დააწესა კახეთის რეგიონში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის – მაია ჯავახიშვილის სახელობის ორდენი. პირველი ორდენები ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს – მაია ფელიშვილს, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის, და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ ამერიკელ პოლიციელს – კორტნი გეილს გადაეცათ. ღონისძიებას გარდაცვლილი ქართველი პოლიციელის და – თინათინ ჯავახიშვილიც ესწრებოდა. ამერიკელ პოლიციელ ქალს მან ორდენი პირადად გადასცა.

კონფერენციაზე, ოთხი დღის განმავლობაში, ქალ-სამართალდამცველებს სამართლებრივი სფეროს სხვადასხვა თემაზე ტრენინგები ჩაუტარდათ. ღონისძიების მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშოები შეასრულეს და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა. კონფერენცია -„ქალები პოლიციაში“ საქართველოში ყოველი წლის მარტში იმართება და სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლებას, პოლიციელთა რიგებში ქალის როლის წარმოჩენას და მათი მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.

banner
წინა სტატიაშიძალიან მძიმედ დაუმთავრდებათ პრავდას სტილში წერილების წერა თუ გააგრძელეს-დავითაია პრემიერის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილ წერილს აფასებს
შემდეგი სტატიაგამოხატვის თავისუფლებისთვის ბრძოლა ახლა იწყება – დავით ჯანდიერი