აშშ-ს საელჩო: არ ვაღიარებთ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცახდებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ სხვადასხვა სახელმწიფოებთან ერთად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში 2020 წლის 22 მარტს გამართულ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ერთობლივი განცხადება საქართველოს აფხაზეთის რეგიონში გამართული ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნების” შესახებ | Joint Statement on the so-called “Presidential Elections” held in Georgia’s Abkhazia Region

ბულგარეთი, ჩეხეთის რესპუბლიკა, კანადა, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებენ ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნების” ლეგიტიმურობას, რომელიც გაიმართა საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 2020 წლის 22 მარტს.

ჩვენ კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და კვლავ ღრმად ვართ შეშფოთებული საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

გაიყვანოს საკუთარი ძალები საომარი მოქმედებების დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ამ რეგიონებში ჰუმანიტარულ დახმარებაზე ხელმისაწვდომობა.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ რუსეთს, უკან წაიღოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ჟენევის საერთაშორისო ფორმატის მოლაპარაკებებს“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქართველი ექიმის ემოციური ვიდეომიმართვა
შემდეგი სტატიაკომპანია ბლექ სი გრუპი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს უწყვეტად აგრძელებს