აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოს მიმართ – პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის (“Georgia Support Act”) წარდგენას ეხმაურება

შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებას საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება.
შეფასებას გიორგი მარგველაშვილი “twitter”-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
პრეზიდენტი მადლობას უხდის შეერთებული შტატების კონგრესს მხარდაჭერისთვის:
“მოხარული ვარ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ “საქართველოს მხარდაჭერის აქტის” ინიციატივის წარდგენით. კანონპროექტი კიდევ ერთხელ გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს მიმართ,”-წერს პრეზიდენტი.
საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღების ინიციატივით საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში კონგრესში გამართულ კონფერენციაზე 15 მარტს გამოვიდა.
გიორგი მარგველაშვილმა კონგრესმენებს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს მხარდამჭერი აქტი გააერთიანებს ყველა არსებულ თანამშრომლობის ფორმატს და ასევე წარმოქმნის ახალ ფორმატებს. ის უზრუნველყოს როგორც საქართველოს გრძელვადიან სტაბილურობას, ასევე აშშ-ს ინტერესების დაცვას რეგიონში.
2018 წლის 26 ივნისს, აშშ-ის კონგრესს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი წარედგინა, რაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის თვისებრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანის მზაობის მკაფიო დასტურია. ორპარტიული კანონპროექტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის. კანონპროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ამ მიმართულებით სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენას ავალებს. კანონპროექტით კონგრესი აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე დევნილებს – ჩვენი გულისწადილი აუცილებლად ახდება, დავბრუნდებით იქ, სადაც ჩვენ გვეკუთვნის ყოფნა
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : ეკონომიკის მიმართულებით ტემპი აუცილებლად დაჩქარდება