აშშ-ს კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა კიდევ უფრო გაძლიერდება – პრეზიდენტი

საქართველოს მიმართ ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა და აშშ – საქართველოს ინტენსიური დიალოგის გაძლიერების საკითხები განიხილა საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტისას, კონგრესში, წარმომადგენლობითი პალატის დემოკრატების ლიდერთან, კონგრესმენ ნენსი პელოსისთან შეხვედრისას.
ნენსი პელოსიმ საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისათვის. თავის მხრივ, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს მხარდაჭერისათვის და აღნიშნა, რომ ამერიკის კონგრესიდან საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების მოსმენა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა, რომელიც აშშ-ს საკანონმდებლო მექანიზმებითაა გამყარებული, მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც არაღიარების პოლიტიკის წარმატებას უზრუნველყოფს.
საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესმენს ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფენ რეგიონის სტაბილურობას და მოახდენს რუსეთის აგრესიის პრევენციას, რომელიც მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საქართველოსათვის, არამედ შავი ზღვის რეგიონისა და ევროპის უსაფრთხოებისათვის.
ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე და ნატო-ს მომავალ სამიტზე საუბრისას გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროცესში საქართველო მხოლოდ სიკეთეების მომხმარებლის მიმართულებით დაინტერესებული მხარე არ არის, იგი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს მომავალი სამიტის მზადების საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ დღეს, ასეთ დაძაბულ საერთაშორისო გარემოში უფრო მეტად მოხდეს საქართველოს მხარდაჭერის კონსოლიდაცია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ორი ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობა იგეგმება
შემდეგი სტატიამეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის აპრილის ბოლოს გაიხსნება