აშშ-ს დაზვერვა სევეროდვინსკის აფეთქებაზე ახალ ვერსიას ავრცელებს

რუსეთში, სევეროდვინსკთან 8 აგვისტოს მომხდარი აფეთქება თეთრი ზღვიდან კვების რადიოიზოტოპული წყაროების მქონე რაკეტის ამოღებისას მოხდა, რომელიც ადრინდელი სარაკეტო გამოცდის დროს დაიკარგა – 30 აგვისტოს CNBC-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ეს ახალი იარაღის გამოცდა არ ყოფილა, ეს იყო რაკეტის გადარჩენის მისია, რომელიც ადრინდელი წვრთნების დროს დაიკარგა” – არხის წყარო ამბობს.

“აფეთქება ერთ-ერთ გემზე მოხდა, რომელიც ოპერაციაში იყო ჩართული. რაკეტის ბირთვულ ნაწილში რეაქცია მოხდა” – არხის მეორე წყარო ამბობს – “დოიჩე ველე” წერს.

არხანგელსკის რაიონში, სევეროდვინსკში რადიაციის დონის მნიშვნელოვნად მომატება სტრონციუმის, ბარიუმისა და ლანთანის იზოტოპების გამოყოფამ გამოიწვია – 26 მაისს რუსეთის გარემოს დაცვის მონიტორინგის სამსახურმა გაავრცელა.ექსპერტებმა ჰაერისა და ნალექების ნიმუშები შეისწავლეს, რომელიც მათ 8-23 აგვისტოს აიღეს. იქ აღმოჩენილ იქნა “ამ ნივთიერებების ხანმოკლე ტექნოლოგიური რადიონუკლეიდები” – ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სევეროდვინსკთან მდებარე სამხედრო ბაზაში მომხდარი აფეთქების შესახებ ინფორმაცია 8 აგვისტოს გაავრცელა. აფეთქება წყალქვეშ მოხდა და მან შვიდი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. ვარაუდობენ, რომ ბირთვული ძრავის მქონე “ბურევესნიკი” აფეთქდა.

banner
წინა სტატიაშიზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, სავარაუდოდ, რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირშია
შემდეგი სტატიაპოლიციამ რუსთავში ქურდობის ექვსი ფაქტი გახსნა, დაკავებულია არასრულწლოვანი