ჩინეთს, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს ევროკავშირის გახლეჩა და მისი დასუსტება სურთ, რადგან ევროპა გაცილებით ძლიერია, როდესაც ერთად დგას — ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
გამოცემა „პოლიტიკოს“ (Politico) ცნობით, ევროპელმა მაღალჩინოსანმა ღიად მიუთითა იმ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე, რაც მსოფლიო ზესახელმწიფოებს ბლოკის მიმართ ამოძრავებთ.
„მათ არ მოსწონთ ევროკავშირი, ეს აბსოლუტურად ნათელია. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რატომ არ მოსწონთ მათ ევროკავშირი. ფაქტია, რომ თუ ჩვენ ერთად დავდგებით, თუ ერთად ვიმოქმედებთ, მაშინ მათი თანასწორები ვიქნებით, ძალიან ძლიერები ვიქნებით“, — აღნიშნა კაია კალასმა.
კაია კალასმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ამერიკის შეერთებულ შტატებზე და აღნიშნა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას არ აწყობს გაერთიანებული ევროკავშირი.
მისი განმარტებით, ევროპული ბლოკი წარმოადგენს მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალას, რომელიც ვაშინგტონს პირდაპირ კონკურენციას უწევს. თეთრი სახლის ლიდერის ბოლოდროინდელი განცხადებები კი, კალასის შეფასებით, კლასიკური „დაყავი და იბატონე“ სტრატეგიის ნაწილია.
ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე გაასაჯაროვა შიდა კრიზისიც. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ცდილობს ბრიუსელის გვერდის ავლით შეინარჩუნოს და განავითაროს საკუთარი, ინდივიდუალური კომუნიკაციის არხები აშშ-თან. კალასის თქმით, ეს ტენდენცია უკიდურესად შემაშფოთებელია, რადგან პრაქტიკა აჩვენებს, რომ „ევროკავშირის გახლეჩის გეგმა რეალურად მუშაობს“.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მკაცრად მოუწოდა ბლოკის ყველა წევრ ქვეყანას, დაიცვან ერთიანობა და მესამე მხარეებთან — იქნება ეს აშშ, ჩინეთი თუ რუსეთი — მოლაპარაკებები აწარმოონ არა სეპარატისტულად და ინდივიდუალურად, არამედ მხოლოდ ერთიანი ევროპული ინსტიტუტების მეშვეობით.
















