აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია – კვირიკაშვილი

აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ბიზნესსაბჭოს განსაკუთრებულ როლს ორ ქვეყანას შორის არამარტო ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხითაც და საქართველო-ამერიკის ბიზნესსაბჭოს და პირადად მამუკა წერეთელს საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორობის გაღრმავებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

“2017 წელს აღინიშნება აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების იუბილეს – ამერიკა იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო; ჩვენ მივესალმებით ამერიკის უცვლელ პოზიციას საქართველოს საგარეო მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის კუთხით. გასული 25 წელი უმნიშვნელოვანესი იყო საქართველოს, როგორც სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეული ქვეყნიდან იმ სახელმწიფოდ გადასაქცევად, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ჩვენ საკუთარ თავს არ მივიჩნევთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკად და ამით სხვა სახელმწიფოებისათვის შეურაცხყოფის მიყენება არ გვსურს – ჩვენ გვინდა, საქართველო აღიქმებოდეს როგორც აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომსაქართველო აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოა მრავალი ობიექტური კრიტერიუმის თანახმადაც, რომელთა შორისაა დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელი, ეკონომიკური დინამიკურობის ინდიკატორი და ქვეყნის მდგრადობა სწორი მიმართულებით განვითარების პროცესში.

“საქართველო მართლაც გარდაიქმნა – ეს იყო სახელმწიფო კორუფციის მაღალი დონით, ბიზნესისთვის ნაკლებად მისაღები გარემოთი და პოსტსაბჭოთა ქვეყნის სხვა ტიპიური მახასიათებლებით. დღეს ჩვენ ვამაყობთ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით განხორციელებული წინსვლით, ბიზნესის კეთების სიმარტივით. თუმცა, მინდა ხაზი გავუსვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან ფაქტორებს – ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან, ოკუპაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საქართველო საკუთარი თავის წარდგენას განსხვავებული მეთოდებით ცდილობს; ის ცდილობს, წარმოაჩინოს თავი, როგორც შესაძლებლობების ქვეყანამ. გამოწვევები, რა თქმა უნდა, განაგრძობს არსებობას და ჩვენ მათ უნდა გავუმკლავდეთ. საქართველოს ორი განსხვავებული მდგომარეობის წარმოჩენისას ჩვენ მაქსიმალური ბალანსის დაცვას ვცდილობთ – ჩვენი ქვეყანა ჯერ კიდევ საჭიროებს თავისი სტრატეგიული პარტნიორების დიდ დახმარებას, თუმცა ამავდროულად, წარმოადგენს ადგილს, რომელიც რეგიონის მასშტაბით გაფართოების შესაძლებლობას აძლევს ამერიკულ კომპანიებს. ესაა სახელმწიფო, რომელიც დასავლეთსა და აღმოსავლეთს აკავშირებს, თუმცა ის უბრალო დამაკავშირებელი რგოლი არაა, ის არის დასავლეთის პარტნიორი, რომელიც მზადაა, გახდესმსოფლიოს აღმოსავლეთ ნაწილთან დამაკავშირებელი გზა”, – აღნიშნა პრემიერმა.

ამ კუთხით არსებულ ინიციატივებზე საუბრისას, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა ჩინეთის “ერთი სარტყელი – ერთი გზის” ინიციატივას, რომლის ფარგლებში ახალი აბრეშუმის გზა იქმნება. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ინიციატივასთან დაკავშირებულია არაერთი პროექტი, მათ შორის, ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქცია, ახალი პორტების მშენებლობა და ძველების გაფართოება და ა.შ.

“აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, განვამტკიცოთ საქართველოს, როგორც სტაბილური, სანდო, პრინციპებზე დაფუძნებული, ბიზნესსაზოგადოების სანდო და ერთგული პარტნიორი ქვეყნის იმიჯი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიანი ქონება-“საია” პროკურატურას გამოძების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს
შემდეგი სტატიაპარლამენტში შს მინისტრის მოადგილეს მოუსმენენ