აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას, რომელიც თავდაპირველად 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე იყო დაგეგმილი, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-მა საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება “განუსაზღვრელი ვადით” გადადო. ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.
“შეერთებულმა შტატებმა წამოიწყო აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა. ამის ფარგლებში, შეერთებული შტატები განუსაზღვრელი ვადით გადადებს საქართველოში “ღირსეული პარტნიორის” სწავლებას, რომელიც თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისი-6 აგვისტოს პერიოდში
30 მაისს აშშ-ის მთავრობამ საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სრული გადახედვა წამოიწყო. “ღირსეული პარტნიორის” გადადების გადაწყვეტილება განპირობებულია შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული ცრუ ბრალდებებით, რომლის მიხედვითაც ზეწოლას ვახდენდით საქართველოზე, გაეხსნა მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაზე ზეწოლის შესამსუბუქებლად, და რომ მონაწილეობას ვიღებდით, მმართველი პარტიის წინააღმდეგ, გადატრიალების ორ მცდელობაში. როგორც ასეთი, შეერთებული შტატების მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ეს შეუფერებელი დროა საქართველოში მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობას, რადგან ისწრაფვიან გააგრძელონ საქართველოს უნარის გაძლიერება, დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი და შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა:
“ეს გადაწყვეტილება მარტივად არ მიგვიღია, და დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები ანიჭებენ ისეთ წვრთნებს, როგორიცაა “ღირსეული პარტნიორი”. შეერთებული შტატები მოუთმენლად ელის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობის მომავალ შესაძლებლობებს, მათ შორის 2025 წელს AGILE SPIRIT-ს”.