შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა უკრაინას შეწყვიტოს თავდასხმები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე და გააფრთხილა, რომ დრონებით თავდასხმებმა შეიძლება გაზარდოს ნავთობის მსოფლიო ფასი, – ამის შესახებ უკრაინული მედია Financial Times-ზე დაყრდნობით წერს.
როგორც Financial Times სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, ვაშინგტონის გაფრთხილება უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და მისი მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მაღალჩინოსნებს გადაეცა.
ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ თეთრი სახლი სულ უფრო მეტად იმედგაცრუებულია უკრაინული დრონების თავდასხმებით, რომლებმაც დაარტყეს ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს, ტერმინალებს, საწყობებს და საცავებს დასავლეთ რუსეთში.
როგორ მედია წერს, რუსეთი რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ექსპორტიორად მსოფლიოში, მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა მის ნავთობისა და გაზის სექტორზე. ნავთობის ფასი წელს დაახლოებით 15%-ით გაიზარდა.
ვაშინგტონი, ასევე, შეშფოთებულია, რომ თუ უკრაინა გააგრძელებს რუსულ ობიექტებზე დარტყმას, რუსეთმა, შესაძლოა, საპასუხო შეტევა მოახდინოს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
„არ დავუშვებთ თავდასხმებს რუსეთის შიგნით“, – განაცხადა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა.
კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს – უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპიკერმა, CIA-მ, დაზვერვის თანამშრომლებმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა.