აშშ-მა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა, რის გამოც კეზერაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, სარჩელიდან ირკვევა, რომ ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი აშშ-ის საბაჟო და საზღვრის დაცვის ფედერალური სააგენტოს 2023 წლის პირველი მაისით დათარიღებული დადგენილება გახდა, რომელიც იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212(a)(2)(I) მუხლს დაეყრდნო.

„იმიგრაციისა და ეროვნულობის აქტის 212 მუხლი, ქვემდებარე პუნქტებით იმ კრიმინალურ საფუძვლებს ადგენს, რომლებიც აშშ-ში შეშვებაზე უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს. კონკრეტულად ის მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც, დავით კეზერაშვილს აშშ-ის ვიზა არ მისცეს, ფულის გათეთრებაზე ეჭვს გულისხმობს. ამ მუხლით ვიზაზე უარის თქმის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს არა მხოლოდ მტკიცებულება, არამედ საკონსულოსა და პროკურატურაში ეჭვიც კი, რომ ამ პირს, შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს ფულის გათეთრებასთან ან მათთან, რომლებიც მსგავს საქმეში არიან ჩართული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გამოცემის ცნობით, დავით კეზერაშვილი მოითხოვს, შეგროვდეს და გადაეცეს ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ვიზაზე უარის თქმის მიზეზი გახდა. ამ შინაარსის სარჩელი გამოქვეყნდა ვებგვერდზე Courtlistener.com, რომელიც აშშ-ის სასამართლოებში შესულ სარჩელებს აგროვებს და ასაჯაროებს.

სარჩელიდან ირკვევა, რომ დავით კეზერაშვილმა აშშ-ის ვიზის მისაღებად განაცხადი კვიპროსში, აშშ-ის საელჩოში 2023 წლის 4 აპრილს შეიტანა, უარი კი 2023 წლის 18 ივლისს მიიღო. ამის შემდეგ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ინფორმაციის თავისუფლების აქტის საფუძველზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მოსთხოვა იმ ინფორმაციის გასაჯაროება, რომელიც 212-ე მუხლზე დაყრდნობით ვიზაზე უარი თქმის საფუძველი გახდა.

დეპარტამენტმა მოთხოვნა წარმოებაში მიიღო, თუმცა კეზერაშვილს პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. მან სასამართლოში იჩივლა. სარჩელი კოლუმბიის სასამართლოში 2024 წლის 20 თებერვალს დარეგისტრირდა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე – მიხეილ სააკაშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც აქცენტი ჯანმრთელობის პრობლემებზე გადაიტანა და ამ გზით ცდილობდა თავისუფლების მიღწევას
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი