“აშშ-მა დადებითად შეაფასა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები”

საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე საქართველოში არსებული პოლიტიკური გარემო განიხილეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, პლურალისტური პოლიტიკური და მედია სივრცე უზრუნველყოს.

“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები, რაც იძლევა შესაძლებლობას სააპელაციო პროცედურები გაგრძელდეს და საქართველოში მედია პლურალიზმი შენარჩუნდეს. ორივე მხარემ დაადასტურა ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების მნიშვნელობა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დადებითად შეაფასა საქართველოს სასამართლო სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები. მხარეებმა დაადასტურეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატებისთვის სამართლიანი, თანასწორი და კონკურენტული საარჩევნო გარემოს, ასევე პოლიტიკური, მედია და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის ღია, პლურალისტური და დამოუკიდებელი სივრცის მნიშვნელობა“, – განაცხადა ჯანელიძემ.

დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 12 ნობერს ვაშინგტონში გაიმართა. საქართველოს დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები შედიოდნენ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე თანა-თავმჯდომარეობდნენ. აშშ-ის დელეგაციას კი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინკი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ჯონათან კაცი და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის რეგიონული ხელმძღვანელი კეთრინ ნიუკომბი ხელმძღვანელობდნენ. აშშ-ს დელეგაციაში ფართოდ იყვნენ წარმოდგენილნი სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულია 5 ეჭვმიტანილი – ტერაქტების სერია თურქეთშიც იგეგმებოდა
შემდეგი სტატიაგამოძიებამ პარიზის ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორი დაადგინა