აშშ-მ ივანიშვილს პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდება მოსთხოვა-ვინ შეცვლის გახარიას – ბაქრაძე, ჩხენკელი თუ ვიღაც სხვა?

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 9, 2020 22:46

აშშ-მ ივანიშვილს პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდება მოსთხოვა-ვინ შეცვლის გახარიას – ბაქრაძე, ჩხენკელი თუ ვიღაც სხვა?

აშშ-მ ივანიშვილს პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდება მოსთხოვა. ვინ შეცვლის გახარიას – ბაქრაძე, ჩხენკელი თუ ვიღაც სხვა?

მართალია, „ქართული ოცნების“ ელიტა საჯარო საუბრებში უარყოფს ხმებს პრემიერობიდან გიორგი გახარიას წასვლის შესახებ, მაგრამ კულუარებში იმის გარკვევით არიან დაკავებულნი თუ ვის უწილადებს ბიძინა ივანიშვილი პრემიერის სავარძელს. მედიას კი გვაბრალებენ დეზინფორმაციის გავრცელებას, მაგრამ თავად უკვე დაწყებული აქვთ იმ დათვის ტყავის გაყოფა, რომელიც ჯერ მონადირებული არ არის.
ინფორმაცია პრემიერობიდან გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის თაობაზე პირველად გასული წლის ბოლოს გავრცელდა. მაშინ კალაძის კლანმა მედიაში ხმა დააგდო, რომ მთავრობის მეთაურის პოსტს პარლამენტის სპიკერი არჩილ თალაკვაძე ჩაიბარებდა.
9 იანვარს ეს თემა კვლავ აქტუალური გახდა და ამჯერად საქმეში უკვე ამერიკელები ჩაერთვნენ. „თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, სწორედ ვაშინგტონმა მოსთხოვა მთავარ მეოცნებეს პრემიერის შეცვლა.
„თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, გიორგი გახარიას ბიძინა ივანიშვილმა „ქართუ ჰოლდინგის“ ხელმძღვანელის პოსტის დაკავება უკვე შესთავაზა. ჯერჯერობით უცნობია, დაიკავებს თუ არა გახარია ამ თანამდებობას. შესაძლოა ის მოსკოვში წავიდეს, სადაც სერიოზულ ბიზნესებს ფლობს. ასევე უცნობია, თუ ვინ გახდება საქართველოს მთავრობის მეთაური.
მმართველ გუნდში რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. კიდევ ერთხელ გაიჟღერა არჩილ თალაკვაძის გვარმა, თუმცა „ოცნებაში“ მას არარეალურად მიიჩნევენ. ეს უკანასკნელი 2012 წლამდე ძალიან აქტიური და ელვარე ნაციონალი იყო, რაც სავარაუდოდ „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერების გაღიზიანებას გამოიწვევს. მთავრობა და პარლამენტი ისედაც “ნაცყოფილებით” არის სავსე.
მეორე ვერსიით, მთავრობას მაია ცქიტიშვილი უხელმძღვანელებს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მას პრემიერად მოიაზრებენ. ის ივანიშვილის ერთგულ კადრად კი ითვლება, მაგრამ ბოლო დროს კორუფციულ სკანდალებში გაეხვია და როგორც ამბობენ, ივანიშვილმა მასზე გული აიცრუა. გუდაურსა და ბაკურიანში უწყლობის გამო ტურისტული სეზონის ჩავარდნის შემდეგ კი მისი პრემიერობა ფაქტიურად გამორიცხულია.
ამ ეტაპისთვის ასეა და არ არის გამორიცხული, რომ ივანიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალოს. ისევე როგორც 6 იანვრის დილით დაურეკა სალომე ზურაბიშვილს და უთხრა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს აღარ იწყალებო, არადა დეკანოზის შეწყალება 5 იანვარს მყარად იყო გადაწყვეტილი.
„თაიმერის“ წყაროს ინფორმაციით, პრემიერობის ყველაზე რეალური კანდიდატი განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელია. ამ ინფორმაციას სხვა მედიასაშუალებების წყაროებიც ადასტურებენ.

ჩხენკელი რომ რაღაცას გამოჰკრავდა ხელს, ეს დაახლოებით ათი დღის წინ იცოდა ერმა. აბა ამხელა მინისტრმა კაცმა ტყუილად კი არ შერაცხა ბიძინა ივანიშვილი ექვთიმე თაყაიშვილად. ეს ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც ეამა, მაგრამ მხოლოდ ამის გამო არ დანიშნავს ის პრემიერად ჩხენკელს. „ოცნებასთან“ დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ის პროამერიკულ კადრად ითლება. მთავარ მეოცნებეს კი, რომელიც ძალიან ღიად გადაიხარა რუსეთისკენ და გასული წლის ბოლოს დასავლეთის დიდი რისხვა “დაიტეხა” თავს, მთავრობის მეთაურად პროამერიკული კადრის დანიშვნა სჭირდება. ყველაფერს მაინც თავად გააკეთებს და ჩხენკელს დასავლეთის თვალის ასახვევად დასვამს გახარიას ადგილზე. გახარია კი თავის მხრივ სუფთა რუსული პროექტი იყო.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გახარია ორჯერ იყო ამერიკაში წასული. ის შეხვდა თეთრი სახლის წარმომადგენლებს. შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონმა მის გაპრემიერებას მწვანე არ აუნთო. ჩვენთან მაღალ თანამდებობაზე დასანიშნ ობიექტებს, როგორც წესი ან რუსეთს უთანხმებენ ან ამერიკას.
20 ივნისის სისხლიანი დარბევის შემდეგ გახარიას პრემიერობა ფაქტიურად გამორიცხული იყო. აღარც ივანიშვილი აპირებდა მის გადაყვანას მთავრობის მეთაურად, მაგრამ საქმეში მოსკოვი ჩაერია. „ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო „თაიმერს“ უყვება, რომ ზაფხულის ბოლოს ავადსახსენებელმა გავრილოვმა პირადად დაურეკა ბიძინა ივანიშვილს და მოსთხოვა გახარია დაენიშნათ პრემიერად. წინააღმდეგ შემთხვევაში ის თბილისიდან „გამოპანღურების“ გამო სამაგიეროს გადახდით იმუქრებოდა.
გახარიას გაპრემიერება გუნდში ბევრს არ გახარებია. ის აშკარად დისტანცირებულია „ოცნების“ ელიტისგან. მასთან ამ ელიტამ ბრძოლა ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ის შს მინისტრი იყო.
გასული წლის მაისის დასაწყისში პანკისში მომხდარი სისხლისღვრა, როგორც ამბობენ მას სუსმა გაუჩალიჩა. ამ საქმეში მონაწილეობდნენ მაია ცქიტიშვილი და ქეთევან ციხელაშვილიც. კონფლიქტამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი პანკისში იყვნენ და ამბავი ჩამოიტანეს, პანკისელები ჰესის მშენებლობას წინააღმდეგობას არ გაუწევენო. ყველაფერი პირიქით მოხდა და საქართველო მაშინ მართლა სერიოზულ სისხლისღვრას გადაურჩა. ისე, როგორც ამბობენ, 20 ივნისის დარბევის ბრძანებაც ანზორ ჩუბინიძემ გასცა და ეს თავის თავზე პრემიერმა გახარიამ აიღო. საჭიროების შემთხვევაში ის ამ და სხვა სკანდალურ ამბებს გაასაჯაროებს.
თუ ივანიშვილმა ამერიკელები კიდევ ერთხელ არ გადააგდო, გახარია ყველაზე მოკლევადიანი პრემიერი იქნება საქართველოს ისტორიაში. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის ახლო მომავალში წავა.
კიდევ ერთი წყარო, რომელსაც ამერიკასთან აქვს სერიოზული კავშირები ამბობს, რომ ვაშინგტონი საქართველოს პრემიერის პოსტზე აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის დანიშვნას ითხოვს. ამ წყაროს ცნობით, ამერიკელებმა ივანიშვილს უთხრეს, რომ ოფიციალურად ჩაერთოს პოლიტიკაში. მას მთავრობის მეთაურობა აღარ სურს. ამერიკელებმა მას პრეზიდენტობა შესთავაზეს. ეს უფრო ჭკუაში დაუჯდა მთავარ მეოცნებეს, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქეობას ვერ ელევა.
ამ დღეებში მას კიდევ ერთხელ ექნება ამერიკელებთან კონსულტაციები. სენატის და კონგრესის განცხადებების შემდეგ, ივანიშვილი ვაშინგტონის “გაცუცურაკებას” აღარ მოინდომებს. ივანიშვილი  იძულებულია 2020 წლის არჩევნები დემოკრატიულად ჩაატაროს. წამყვან ამერიკულ მედია გამოცემებსაც ტყუილად არ უსაუბრიათ მისი ანგარიშების გაყინვაზე.

კონსტიტუციის თანახმად, მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიდევ 4 წელი უნდა ავიტანოთ, მაგრამ ეს ქალი იმდენ სისულელეებს ამბობს, რომ „ოცნებაში“ ერთი სული აქვთ ზევიდან მის იმპიჩმენტზე თანხმობა მიიღონ. თავისი ნებით საეჭვოა, რომ იგი გადადგეს.
აშკარაა, რომ ამერიკამ საქართველოსთვის მოიცალა. მავანის ჯიბრზე ირანის კონფლიქტიც დასრულდა, ომი აღარ იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ რუსეთი ძველებურად ვეღარ „იბაირამებს“. მართალია, ივანიშვილი მათთან ვალშია, პუტინის შიშიც აქვს, მაგრამ თავის გასამართლებელი საბუთიც აქვს – შტატები ანგარიშების გაყინვით მემუქრება და აბა რა ვქნაო?!

 

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 9, 2020 22:46

Google სტატისტიკა


5,063
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics