აშშ-მ იდლიბის ქიმიურ შეტევაზე პასუხისმგებლობა სირიის მთავრობას დააკისრა

თეთრმა სახლმა 4 აპრილს სირიის ქალაქ იდლიბში გამოყენებული ქიმიური იარაღის შესახებ პასუხისმგებლობა ბაშარ ასადის მთავრობას დააკისრა -ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ბაშარ ასადის ეს საშინელი მოქმედება ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის სისუსტისა და გადაუწყვეტელობის შედეგია” – თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ სპაისერმა განაცხადა და გაიხსენა, რომ ბარაკ ობამამ 2012 წელს გააკეთა გაფრთხილება, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება სირიის რეჟიმის მიერ “წითელი ხაზის” გადაკვეთა იქნებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, არაფერი გააკეთა საპასუხოდ. სპაისერმა, ამასთანავე, არ დააკონკრეტა, ტრამპის ადმინისტრაცია რა ზომებს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის საგარეო უწყებამ გაეროში საგანგებო სხდომის ჩატარება მოითხოვა სირიის კონფიქტში ქიმიური იარაღის გამოყენების გამო – ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ გაავრცელა.
“დღეს დილით ახალ ქიმიური შეტევა მოხდა იდლიბში. უკვე პირველივე ინფორმაციით გახდა ნათელი, რომ დაშავებულები ძალიან ბევრნი არიან, მათ შორის ბავშვები. მე განვკიცხავ ამ აღმაშფოთებელ მოქმედებას” – განაცხადა მინისტრმა. მან გაეროს უშიშროების საბჭოს, აღნიშნულთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომის ჩატარებისკენ მოუწოდა.

საღამოსკენ მინიმუმ 58-მდე გაიზარდა გაზის მოწამვლით დაღუპულთა რაოდენობა, რომელსაც სირიის ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ – Reuters-მა გაავრცელა. Al Arabiya-ს ცნობით კი, საუბარია 100 გარდაცვლილზე და 400 დაშავებულზე.
სირიელ აქტივისტებს ეჭვი აქვთ, რომ სირიის არმია ან რუსული ავიაცია ქიმიურ იარაღს იყენებს – ავიადარტყმების შემდეგ ბევრ ადამიანს სულის ხუთვა დაემართა, ასევე, ადგილობრივმა ოპოზიციურმა ქსელმა ბავშვების ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებიც, ორგანიზაციის თქმით, გაიგუდნენ.
სირიის მთავრობამ ადრე არა ერთხელ უარყო ქიმიური იარაღის გამოყენება.

 

banner
წინა სტატიაშიპეტერბურგის ტერაქტის მსხვერპლთ 50 მილიონი რუბლი გამოუყვეს
შემდეგი სტატიარას ითხოვს კალაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის სანაცვლოდ