აშშ ჯორჯ ბუშს ეთხოვება

ამერიკელები ქვეყნის 41-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ-უფროსს ემშვიდობებიან და ხაზს უსვამენ ქვეყნისთვის გაწეულ სამსახურს, რომელიც მან მეორე მსოფლიო ომის დროს, როგორც სამხედრო მოსამსახურემ დაიწყო, მოგვიანებით კი, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე გააგრძელა. ჯორჯ ბუში-უფროსი საკუთარ სახლში პარასკევს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მის სამგლოვიარო პროცესიას გრძელი კორტეჟი მიაცილებდა ელინგტონის აეროპორტამდე, სადაც ის თვითმფრინავით დედაქალაქში გადაასვენეს. მანამდე ათასობით სტუდენტმა ყვავილები მიიტანა ბუშის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, ჰიუსტონის ცენტრში, ტეხასის A&M უნივერსიტეტში. ბევრ ხალხს ელოდებიან ვაშინგტონში მიმდინარე კვირას პრეზიდენტთან გამოსათხოვებლად. ექს-პრეზიდენტი დასვენებულია კაპიტოლიუმში. დახურული სამგლოვიარო ცერემონიალი ხუთშაბათს ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, რომელსაც დონალდ ტრამპი და მისი მეუღლე დაესწრებიან. ბუშის ოჯახი, ჯერჯერობით, არ აზუსტებს, ვინ გამოვა სიტყვით ცერემონიისას. ამის შემდეგ, პრეზიდენტის ცხედარს ისევ ჰიუსტონში გადაასვენებენ და წმინდა მარტინის სახელობის ეკლესიაში დაასვენებენ, ხუთშაბათს მას ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე მდებარე ოჯახის კუთვნილ სასაფლაოს მიაბარებენ, მეუღლის, ბარბარა ბუშის გვერდით, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. აქვეა ექს-პრეზიდენტის სამი წლის ქალიშვილი დასაფლავებული, რომელიც ლეიკემიით გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთი სპეცსამსახურებსა და შსს-ზე კიბერთავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს
შემდეგი სტატიასოროსის მიერ დაარსებულ უნივერსიტეტს უნგრეთიდან ასახლებენ