აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ვებგვერდზე გამოქვეყნდა „ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ პროექტი, რომელიც კონგრესმენმა ჯო უილსონმა 9 იანვარს წარადგინა.
პროექტის თანახმად, შეერთებული შტატების პოლიტიკაა – „არ აღიაროს ან არ მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მარიონეტი ხელმძღვანლელობს, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ივანიშვილის რეჟიმის მიმდინარე დანაშაულების გამო; ასევე აქტიურად ეწინააღმდეგებოდეს სხვა იმ მთავრობის მიერ საქართველოს მთავრბის აღიარებას ან მასთან ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ან ნებისმიერი მარიონეტი ხელმძღვანელობს, მათ შორის ძირითადი და მეორადი სანქციების გამოყენებით“.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ აშშ-ის პოლიტიკაა, გამოიყენოს უფლებამოსილბის სრული სპექტრი, მათ შორის მაგნიტსკის გლობალური აქტით და პრეზიდნეტის აღმასრულებელი განკარგულებით (No. 14024) გათვალისწინებული, ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის ინტერესებით საქართველოს მხრიდან კორუფციული ქმედებებისა ან საგარეო გავლენის ოპერაციების შესაკავებლად.
აქტის პროექტის თანახმად, აშშ-ის ფედერალურ ოფიციალურ პირებსა და დასაქმებულებს ეკრძალებათ რამე ზომების განხორციელება და ასევე იკრძალება ფედეალური დაფინანსების გამოყოფა ბიძინა ივანიშვილის ან ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აშშ-ის მიერ აღიარებისთვის ან აღიარების მინიშნებისთვის.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ „აშშ-მა უნდა აღიაროს 2024 წლის 26 ოქტომბრის თაღლითურ არჩევნებამდე მოქმედი პრეზიდენტი საქართველოში ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად“.
როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით საქართველოს კონსტიტუციის აღდგენის შემთხვევაში, აშშ-ის პრეზიდენტს ამ პოლიტიკის გაუქმებულად გამოცხადება შეუძლია.
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტის“ პროექტის თანასპონსორები არიან დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი, რესპუბლიკელი მაიკ ტერნერი, დემოკრატი ლოიდ დოგეტი, რესპუბლიკელი მაიკლ ლოულერი და დემოკრატი ემანუელ კლივერი.