აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოსთან დაკავშირებით „მეგობარი აქტი“ მიიღო.

დოკუმენტს მხარი დაუჭირა 41-მა კონგრესმენმა, ხოლო წინააღმდეგ ხმა მისცა ექვსმა.

„მეგობარი აქტის“ შესახებ განხილვა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გუშინ გაიმართა.

„მეგობარი აქტის“ ძირითადი დებულებებია:

„დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერა – აქტი აცხადებს აშშ-ის პოლიტიკას საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დასაცავად. ის აღიარებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და ხაზს უსვამს დემოკრატიის გაძლიერების მნიშვნელობას რეგიონული სტაბილურობისა და აშშ-ის ინტერესებისთვის.

დემოკრატიულ უკუსვლაზე რეაგირება – საქართველოში ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლაზე საპასუხოდ, აქტი მოიცავს მოწოდებას საქართველოს მთავრობის ქმედებებისა და რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებთან მისი კავშირის გაძლიერებული შესწავლისკენ.

ანგარიშის წარდგენა და სანქციები – აქტი მოითხოვს რამდენიმე მოხსენებას ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, მათ შორის ანგარიშებს საქართველოში არსებულ კორუფციულ პრაქტიკებთან დაკავშირებით, რომლებიც მხარს უჭერს რუსულ ინტერესებს და სანქციების გვერდის ავლას, საქართველოში რუსული დაზვერვის შეღწევის და ჩინეთთან პოტენციური თანამშრომლობის შეფასება, გამოვლენა და სანქციები და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში.

დემოკრატიის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფის შექმნა – აქტი ითვალისწინებს საქართველოში დემოკრატიული გარემოს მონიტორინგისა და ხელშეწყობისთვის, განსაკუთრებით, არჩევნების დროს, სამუშაო ჯგუფის შექმნას სამართლიანი და თავისუფალი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.

ორმხრივი ურთიერთობებისა და მხარდაჭერის გაძლიერება – საქართველოში მნიშვნელოვანი დემოკრატიული პროგრესის დადასტურების შემდეგ, აქტი ითვალისწინებს აშშ-ის შემდგომ დახმარებას: საქართველოსთან უფრო შეღავათიან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები; ადამიანთა შორის გაცვლითი პროგრამების გაფართოება და სავიზო რეჟიმის გამარტივება; ეკონომიკური და მოდერნიზაციის პაკეტის შემუშავება; უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში მხარდაჭერის უზრუნველყოფა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად“.

ორპარტიული „მეგობარი აქტი“ წარმომადგენელთა პალატას აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, ასევე კონგრესმენებმა სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვეიზიმ წარუდგინეს.

„მეგობარი აქტის“ თანასპონსორები არიან აგრეთვე კონგრესმენები: რობერტ ადერჰოლტი, ემანუელ ქლივერი, ჯი კოსტა და შეილა ჯექსონ ლი.

banner
წინა სტატიაშისაარჩევნო ადმინისტრაციამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს საარჩევნო სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე ინფორმაცია მიაწოდა
შემდეგი სტატიაზეია: ქართული ოცნების ქმედებებმა შეაფერხა პროგრესი ევროატლანტიკური მისწრაფებებისაკენ