აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე – ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 10, 2021 19:07

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე – ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო

მნიშვნელოვანი

  • აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე - ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო

სხვა სტატიები

ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო, – ამის შესახებ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მიკსმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უნდა, რომ თავს ესხმოდნენ მის მოკავშირეებს და დემოკრატიებს მთელს ევროპაში.

„დიახ, ჩვენ წინ აღვუდგებით რუსეთს, ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატო-ს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა, რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებსა და დემოკრატიებს მთელს ევროპაში. ჩვენ არ ვაპირებთ პუტინს შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს, მისაღებია. მაგალითად, რაც უკრაინაში, ყირიმში ხდება. ჩვენს მოკავშირეებს გვერდით დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და რუსეთს ამ კუთხით წინ აღვუდგებით“, – განაცხადა მიკსმა.

ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე. ჟურნალისტის კითხვაზე, „სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მათ შორის „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ საუბრობენ სახელმწიფოს მიტაცებაზე მმართველი პარტიის მიერ, ვიხილეთ ქუჩის დემონსტრაციები, ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა, როგორც წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რას ეტყოდით ქართველ კოლეგებს, რა უნდა იყოს მათთვის გაკვეთილი, ან უფრო სწორად, რაზე უნდა გაამახვილონ მათ ყურადღება“.

მიკსის თქმით, სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

„ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა უზრუნველყონ იმის მიუხედავად, რომ შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, შეერთებულ შტატებშიც კი ვიხილეთ, რომ ხალხი, რომელიც პრეზიდენტ ტრამპის გვერდზე მყარად იდგა და რამდენჯერმე მას ხმა მისცა, ამბობს, რომ არ დაუშვებენ მის ამგვარ ქცევას და არჩევნების უარყოფის მცდელობას, რომელიც აქ სასამართლოებმა და საარჩევნო კოლეგიამ დაადასტურეს და არ დაუშვებენ, რომ ის საკუთარი უფლებამოსილების ზღვარს გადავიდეს. ქართველ ხალხს ვეტყოდი, დადექით ერთად, რათა უზრუნველყოთ, რომ შენარჩუნდეს დემოკრატია და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა მოხდეს“, – აცხადებს მიკსი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 10, 2021 19:07

Google სტატისტიკა


5,155
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics