აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი დაამტკიცა. კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის ფისკალური წლისთვის, აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი 900 მილიარდ დოლარს აღემატება.

წარმომადგენელთა პალატაში თავდაცვის ავტორიზაციის აქტს 312-მა კონგრესმენმა მისცა ხმა, 112 წინააღმდეგი იყო, მათ შორის, 94 დემოკრატი და 18 რესპუბლიკელი.

კანონპროექტი განსაზღვრავს მომავალი წლის თავდაცვის პრიორიტეტებს, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების გაზრდას. ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის მომავალი ორი წლის განმავლობაში 800 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას – 400 მილიონი დოლარის თითო წელს. თანხის გამოყოფა იგეგმება უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის ფარგლებში, რაც გულისხმობს ამერიკული კომპანიებისთვის ფულის გადახდას უკრაინისთვის იარაღის შესაძენად. აქტი ასევე ბალტიის უსაფრთხოების ინიციატივისთვის ითვალისწინებს ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის თავდაცვის მხარდასაჭერად 175 მილიონი დოლარის გამოყოფას.

წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი უზღუდავს პენტაგონს, შეამციროს ევროპაში აშშ-ის ძალები 76 ათასზე ნაკლებ რაოდენობამდე და უკრძალავს ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ნატო-ს უზენაესი მთავარსარდლის წოდების დათმობას.

თავდაცვის ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია ჩინეთში ინვესტიციების შემოწმების პროცედურა, რომელიც აშშ-ის მოქალაქეებს და ამერიკულ კომპანიებს ავალდებულებს, ხაზინის დეპარტამენტს მიაწოდონ ინფორმაცია ჩინეთში სტრატეგული ტექნოლოგიების სფეროში ინვესტიციების განხორციელების შესახებ. ასევე ხაზინის დეპარტამენტს ეძლევა უფლებამოსილება, დაბლოკოს ამგვარი გარიგება.

დოკუმენტი ასევე შეიცავს „ბიოუსაფრთხოების აქტს“, რომელიც ბიოტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ჩინურ კომპანიებს ფედერალური დაფინანსების მოპოვებას უკრძალავს. კანონპროექტი ასევე ტაივანის უსაფრთხოების თანამშრომლობის ინიციატივის ფარგლებში ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ასევე აფინანსებს აშშ-ის ძალების მიერ ტაივანისთვის საწვრთნელი პროგრამების ჩატარებას.

პროცედურის მიხედვით, წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტს მხარდაჭერა სენატმაც უნდა გამოუცხადოს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის რეგიონების საჰაერო სივრცეში 300-მდე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს – მოსკოვის მერი
შემდეგი სტატიანაძალადევში ავარიას 35 წლამდე ქალი ემსხვერპლა – ავტომობილი დაეჯახა მის დასახმარებლად გზაზე გადასულ დედას