აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი – საქართველო აშშ-სთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია

საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი.

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო აშშ-სთან საერთო ღირებულებებს და ინტერესებს იზიარებს.

პრესრელიზში მოყვანილია ვაშინგტონში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კონფერენციაზე, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე რობერტ კარემის მიერ სიტყვით გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები.

რობერტ კარემის თქმით, საქართველოსა და აშშ-ის ქარტიაში გაწერილი პრინციპები – კანონის უზენაესობა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი დღეს საფრთხის ქვეშაა და ამის მიზეზი რუსეთის მოქმედებებია, რომელიც საერთაშორისო წესრიგს ძირს უთხრის.

„საერთაშორისო წესრიგმა მოიტანა მშვიდობა და კეთილდღეობა. ამ წესრიგის დაცვის გარეშე მშვიდობა და კეთილდღეობა ვერ შენარჩუნდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ჰყავდეს პარტნიორი საქართველო, რომელიც მზადაა საერთო უსაფრთხოებაში წვლილი შეიტანოს“, – განაცხადა კარემმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ ხაზი გაუსვა აშშ-ის ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს საქართველოს. მათ შორის, მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის პროგრამაზე, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნას შეუწყობს ხელს და ინსტიტუციონალურ შესაძლებლობებს გაზრდის.

რობერტ კარემის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ იმ პირობებშიც კი მიაღწია პროგრესს, როდესაც მისი ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთს აქვს ოკუპირებული.

„რთულია არ აღფრთოვანდე იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ამდენი წინააღმდეგობის გათვალისწინებით. საქართველოს მზადყოფნა, დაიცვას საკუთარი ხალხი, ღირებულებები და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი, ნამდვილად შთამბეჭდავია“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ.

ასევე, კარემმა ხაზი გაუსვა საქართველოს მიერ გლობალურ უსაფრთხოებაში შეტანილ წვლილს. მან პატივი მიაგო იმ ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას, ვინც ავღანეთსა და ერაყში დაიღუპა.

„საქართველო თავდაცვის სფეროს მოდერნიზაციითა და გატარებული რეფორმებით სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითოა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” წევრები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდნენ
შემდეგი სტატიარუსეთის საგარეო უწყება – საქართველოს პარტნიორები ნატო-ში არ მალავენ, რომ აიარაღებენ მას რუსეთის შესაკავებლად, ასეთ სიტუაციაში რუსულ მხარეს უფლება აქვს, მიიღოს ადეკვატური ზომები