ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის საავიაციო სექტორთან დაკავშირებული კომპანიებისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ფრენები შეწყვიტეს.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოს მიმართულებით ბოლო რეისები 20 სექტემბერს შეასრულეს. 21 სექტემბრიდან კი სანქცირებული კომპანიების საქმიანობა საქართველოს საავიაციო ბაზარზე შეზღუდული იქნება.
სანქციების ახალი პაკეტი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 8 სექტემბერს გამოაცხადა. შეზღუდვები სულ 36 კომპანიასა და ორგანიზაციას შეეხო. ვაშინგტონის განცხადებით, სანქციები ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობას უკავშირდება.
სანქცირებულ კომპანიებს შორის არიან ავიაკომპანიებიც, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეგულარულ ან ჩარტერულ რეისებს ასრულებდნენ.








