CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებმა არაბეთის ზღვაში იმ სამხედრო მოსამსახურის ძებნის ოპერაცია შეაჩერა, რომლის ვერტმფრენიც ოთხშაბათს ჩამოვარდა. ცენტრალური სარდლობის სამხედრო-საზღვაო ძალების (Naval Forces Central Command) განცხადებით, გადაწყვეტილება მასშტაბური სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ მიიღეს.
სამხედრო უწყების ცნობით, აშშ-ის საზღვაო და საჰაერო ძალების მიერ კოორდინირებული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 102 საათზე მეტხანს გრძელდებოდა და 14 000 კვადრატულ მილზე მეტი ფართობი მოიცვა.
ოთხშაბათს მომხდარი ინციდენტის დროს, ავიამზიდ USS George H.W. Bush-ზე მიმაგრებული MH-60S Sea Hawk-ის ტიპის ვერტმფრენი ზღვაში ჩამოვარდა. სამხედროების განცხადებით, არ არსებობს იმის ნიშნები, რომ შემთხვევა მტრულ მოქმედებებს უკავშირდება. ეკიპაჟის ოთხი წევრიდან სამის გადარჩენა მაშინვე მოხერხდა და მათ ჯანმრთელობის სტაბილური მდგომარეობა აქვთ.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. ცენტრალური სარდლობის განცხადებით, დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ვინაობა მანამ არ გახდება ცნობილი, სანამ ოჯახის წევრების ინფორმირებიდან მინიმუმ 24 საათი არ გავა.

















