აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 17 ივნისს თბილისს ეწვევა

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი 17 ივნისს თბილისს ეწვევა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ „თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს.

ამერიკელი მაღალჩინოსანი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ისევე როგორც, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორისაა უკრაინის წინააღმდეგ კრემლის არაპროვოცირებული ომი და აშშ-ს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„სახელმწიფო მდივნის თანაშემწე აგრეთვე განიხილავს იმას, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის წინსვლაში, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციასა და წარმატებული მომავლის მშენებლობაში შემდგომი მხარდაჭერა“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

დონფრიდი, თბილისამდე, 15 და 16 ივნისს ბაქოს ეწვევა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება. 18 ივნისს, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ერევანში გაემგზავრება, სადაც სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანსა და ქვეყნის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს სტუმრობს, რათა ხაზი გაუსვას სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი აშშ-ის ერთგულებას. სამივე სახელმწიფოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, მდივნის თანაშემწე ყურადღებას გაამახვილებს ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ აშშ-ს მხარდაჭერაზე.

გარდა ამისა, ის ასევე ხაზს გაუსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მზადყოფნას დაეხმაროს სამხრეთ კავკასიას გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში, მათ შორის მთელ რეგიონში პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების განვითარების მხარდაჭერის კუთხით.

banner
წინა სტატიაშიზურაბ აზარაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიათბილისში 2 პირი დაჭრეს