ჩინეთი რუსეთის ომის მთავარი ხელშემწყობია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ტემი ბრუსმა განაცხადა.
ბრუსი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, სადაც დონეცკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების მიერ დატყვევებული ორი ჩინელი ჯარისკაცი ჩანს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ეს ფაქტები შემაშფოთებელია.
„ჩრდილოეთ კორეის მონაწილეობა შემაშფოთებელია. ჩინელი ჯარისკაცების დაკავება შემაშფოთებელია. ჩვენთვის ცნობილია ინფორმაცია, რომ უკრაინამ დააკავა ორი ჩინელი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის სახელით იბრძოდნენ უკრაინაში. ჩინეთი არის რუსეთის მთავარი ხელშემწყობი უკრაინაში ომის წარმოებაში. ჩინეთი აწვდის ორმაგი დანიშნულების საქონლის თითქმის 80%-ს, რომელიც რუსეთს ომისთვის სჭირდება“, – აღნიშნა ბრუსმა.
ამასთან, ბრიუსმა გაიმეორა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიტყვები რომ „ამ ორ ბირთვულ სახელმწიფოს – რუსეთსა და ჩინეთს – შორის შემდგომი თანამშრომლობა მხოლოდ გააღრმავებს გლობალურ არასტაბილურობას და შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებს ნაკლებად უსაფრთხოს, ნაკლებად დაცულს და ნაკლებად აყვავებულს გახდის“.
„ვფიქრობ, ეს კიდევ რბილადაა ნათქვამი“, – აღნიშნა ბრუსმა.