“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება მეტყველებს, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან” – კალაძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავეს განცხადებას თბილისის მერმა, კახა კალაძემ დადებითი უწოდა.

მისი შეფასებით, საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან და სწორედ ამას მოწმობს დეპარტამენტის მოწოდება.

“მთავარი ამ განცხადებაში იყო ის, რომ დადებითად აფასებენ რეფორმას, რომელიც იყო განხორციელებული სასამართლოს მიმართულებით. ძალიან დადებითად აფასებენ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს დემოკრატიის თვალსაზრისით, რაც ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ისინი რეალურად ხედავენ და აფასებენ ქვეყანაში მიმდინარე დადებით მოვლენებს. ყველაფერი საუკეთესო არც ერთ განვითარებულ და დემოკრატიულ ქვეყნებში არ არის. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ. ჩემთვის გაზეთებში შეკვეთილი სტატიები და მათ მიერ გაკეთებული განცხადებები საინტერესო არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის ოფიციალური განცხადება, რომელიც გუშინ გაკეთდა, სადაც დადებითად არის შეფასებული ის რეფორმები, რომლებიც ბოლო წლების და თვეების განმავლობაში გატარდა. ის მინიშნებები, რაც იყო პროკურატურასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველაფერი იქნება გამოსწორებული, ყველაფერი იქნება მოწესრიგებული. ასევე, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა იმ დადებით განცხადებებს, რომელიც იყო გაკეთებული თუნდაც სასამართლო რეფორმის მიმართულებით და იმ დემოკრატიული პროცესების გაჯანსაღების თვალსაზრისით, რაც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით 2012 წლის მერე ხდება” – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიუზენაესის მოსამართლეთა შერჩევის წესზე ომბუდსმენის სარჩელს საკონსტიტუციო განიხილავს
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს ესაუბრა