აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: ზოგიერთი დავის საქმეები სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.

„საქართველო მცირე, მაგრამ ღია ბაზარია, რომელიც სარგებელს იღებს საერთაშორისო ვაჭრობიდან, ტურიზმიდან და ტრანსპორტირებიდან. მიუხედავად იმისა, რომ იგი მგრძნობიარეა გლობალური და რეგიონული შოკების მიმართ, 1991 წლიდან ქვეყანამ ფართო ეკონომიკური რეფორმები განახორციელა, რამაც შედარებით კარგად ფუნქციონირებადი და სტაბილური საბაზრო ეკონომიკა შექმნა. ზრდის საშუალო ტემპი 2005 წლიდან 2019 წლამდე 5%-ზე მეტი იყო და საქართველოს რეიტინგები შთამბეჭდავად გაუმჯობესდა გლობალურ ბიზნესში, მმართველობაში, კორუფციასთან ბრძოლასა და სხვა ინდექსებში. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციაზე და მცურავ რეალურ გაცვლით კურსზე, თუმცა უკანასკნელზე გავლენა იქონია რეგიონულმა მოვლენებმა, მათ შორის რუსეთზე დაწესებულმა სანქციებმა და სხვა საგარეო ფაქტორებმა, მაგალითად, უფრო ძლიერმა დოლარმა“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ COVID-19-ის პანდემიამ წარსული მიღწევები შემოატრიალა და მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინა ეროვნულ ვალუტასა და ადგილობრივ ეკონომიკაზე.

„საერთო ჯამში, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციის პირობები მყარია. ამასთან, მზარდია უნდობლობა სასამართლო სისტემის მიმართ, თუ რამდენად შეუძლია კომერციული საქმეების დამოუკიდებლად, დროულად და გონივრულად განხილვა, ზოგიერთი დავის საქმეები სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება. სხვა კომპანიები მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესზე მიუთითებენ, ასევე სირთულეებზე ინტელექტურალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის აღსრულების მიმართულებით; არაეფექტურ ანტიმონოპოლიურ პოლიტიკაზე; მიკერძოებულ სამართალზე; რეგულაციებისა და კანონების შერჩევით აღსრულებაზე, მათ შორის, სავაჭრო კანონების, საკუთრების უფლებების და სხვა. საქართველოს მთავრობა განაგრძობს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად ამ დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ ადგილს იკავებს, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“, – აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტში ასევე აღნიშნავენ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და არ ცნობს საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებლად.

banner
წინა სტატიაშიშვედეთში პატიმრებმა ზედამხედველები მძევლად აიყვანეს, ისინი პიცას და ვეტმფრენს ითხოვენ
შემდეგი სტატიაევროკომისია ჯაშუშური პროგრამა “პეგასუსის” გამოყენების გამო გამოძიებას დაიწყებს