აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს აფხაზეთში და „სამხრეთ ოსეთში“ ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

„საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ დევნას და აღიარებს თანასწორობას ყველასთვის, განურჩევლად რელიგიის. იგი ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას და აღიარებს საქართველოს ეკლესიის “გამორჩეულ როლს” ქვეყნის ისტორიაში. კანონები და პოლიტიკა ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს,“- აღნიშნულია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი სექტემბერში ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზეც საუბრობს.

„სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიური ლიდერებისა და სხვათა თვალთვალს და ასევე პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან მათი საუბრების თვალთვალს. მთავრობამ უარყო დოკუმენტების ლეგიტიმურობა, მაშინ როცა ზოგიერთმა რელიგიურმა ლიდერმა, ჟურნალისტმა და სხვებმა დაადასტურეს ისინი და თქვეს, რომ თვალთვალმა შემაძრწუნებელი გავლენა იქონია რელიგიურ თავისუფლებაზე, რადგან დაადასტურა მათი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკვირდებოდა რელიგიური ჯგუფების საქმიანობას,“- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკაზე, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს დაწესებული საყოველთაო ლოქდაუნის პირობებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებზე შეღავათების დაწესებას ეხებოდა.

„არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს მთავრობის პოლიტიკა, რომელიც, 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 30 ივნისამდე, ითვალისწინებდა კოვიდ 19-ის ლოქდაუნის დროს დაწესებულ „პიკის საათთან“ დაკავშირებით გამონაკლისს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დღესასწაულებზე მაშინ, როცა ყველა სხვა ჯგუფისგან, რომლებიც ცდილობენ რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას, მოითხოვდნენ სპეციალურ განაცხადებს,“- აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზეც არის საუბარი და ხაზგასმულია, რომ სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს ორივე რეგიონში ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს, „რელიგიური ლიდერები კვლავ აცხადებდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“, რომლებიც ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრაციული კონტროლის მიღმა რჩებიან, დე ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდა ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი. ორივე რეგიონი განაგრძობდა „იეჰოვას მოწმეების“ აკრძალვას, თუმცა ანალიტიკური ცენტრი დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) იტყობინება, რომ „იეჰოვას მოწმეებს“ და „ორმოცდაათიანელებს“ თავისუფლად შეეძლოთ შეკრება ახალგორში,“სამხრეთ ოსეთში“.

როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ორივე რეგიონში მდებარე ეკლესიებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებად აღიარებენ, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განაცხადეს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ზეწოლას ახორციელებდა ეკლესიებზე, რათა ისინი მიერთებოდნენ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, ხოლო აფხაზეთში ზოგიერთი ლიდერი ავტოკეფალიის გამოცხადებას უჭერდა მხარს. წყაროები ამბობენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს ორივე რეგიონში ეკლესიების ავტოკეფალიის გამოცხადების ამბიციებს, ისე რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან მათი ავტოკეფალიის აღიარებას არ ითხოვდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის რელიგიური ღვთისმსახურება უკანონოდ გამოაცხადა, მაგრამ პრაქტიკაში დაუშვა; აფხაზეთში დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირებს რეგიონში შესვლა აუკრძალა.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში დაკარგული მოზარდები იპოვეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავას სასახლეში გალა-ვახშამს და დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო