აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას ეხმიანება

ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც 30 მარტს გამოქვეყნდა, დეტალურადაა ასახული ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის კუთხით ადგილზე არსებული უმძიმესი მდგომარეობა. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროებისა და ე.წ. მესაზღვრეთა უკანონო ქმედებები, რაც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს.

დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი კვლავ განაგრძობს საოკუპაციო ხაზის გამაგრებას მავთულხლართების გავლების გზით, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სასოფლო სამეურნეო მიწებზე, წყალსა და სასაფლაოებზე წვდომას უზღუდავს. აღნიშნულ კონტექსტში ხაზგასმულია საოკუპაციო ხაზზე მცხოვრები დათა ვანიშვილისა და მისი ოჯახის, როგორც უკანონო ბორდერიზაციის მსხვერპლის, მძიმე მდგომარეობა.

როგორც ანგარიში მიუთითებს, საოკუპაციო ხაზთან გრძელდება რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელთა მხრიდან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავება. როგორც განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები, ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის რეგიონში ზაზა გახელაძის დაჭრის და უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე გენადი ბესტაევისა და ხვიჩა მღებრიშვილის უკანონო ხანგრძლივი პატიმრობა.

დოკუმენტში მწვავედ არის შეფასებული საოკუპაციო ხაზის დაკეტვა ორივე რეგიონში, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე სამედიცინო ევაკუაციის შეზღუდვა, რაც არაერთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გახდა. ანგარიშში ასევე ვრცლად არის ასახული ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ქართველების ეთნიკური დისკრიმინაცია, რაც ქართველების იძულებით გადაადგილების ახალი ტალღის საფუძველია. ყურადღება გამახვილებულია როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვაზე.

„იმ ფონზე, როდესაც ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი ვერ ახერხებს დაბრუნებას საკუთარ საცხოვრებელ ადგილას და ყოველდღიურად ირღვევა მათი უფლებები, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ჰუმანიტარული ორგანიზაციებისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის შეზღუდვა ადამიანის უფლებათა კუთხით არსებულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია გალისა და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების დესტრუქციულ ქმედებებზე.

30 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ქვეყნებში ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ ქვეთავში, სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შეფასებას ეთმობა.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშინიკა მელია: გამოსასყიდი თანხა 1 ლარიც რომ მქონდეს გადასახდელი არ გადავიხდი
შემდეგი სტატიასაქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა