აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველო გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო ადგილი და ინვესტიციების თვალსაზრისით მსხვილ გლობალურ ეკონომიკებს შორის მე-13 ადგილს იკავებს

გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ნაკადების შესახებ Bloomberg-ის ყოველწლიური კვლევის მიხედვით, საქართველო გამოირჩევა, როგორც პოპულარული საინვესტიციო ადგილი და ინვესტიციების თვალსაზრისით მე-13 ადგილს იკავებს მსხვილ გლობალურ ეკონომიკებს, მათ შორის აშშ-ს, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს, შორის, – ამის შესახებ საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული.

„მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორების 70%-ი ოპტიმისტურად არის განწყობილი ეკონომიკის მიმართ, რაც მნიშვნელოვნად აღემატება გლობალურ საშუალო მაჩვენებელს, 55%-ს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოთი დაინტერესებული ინვესტორებისთვის, ძირითადი საინვესტიციო სფეროები მოიცავს ახალ ბაზრებზე გაფართოებას, ადგილობრივი მიწოდების ქსელების და ბიზნესის მხარდაჭერის სერვისების განვითარებას და ახალი კომერციული ობიექტების და გრძელვადიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობას.

„საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა აქცევს მას კარიბჭედ ინვესტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ უზრუნველყონ მიწოდების ჯაჭვები ევროპასა და აზიას შორის. საქართველოს მთავრობა ასტიმულირებს IT და ბიზნეს სერვისების კომპანიებს ინვესტიციებისთვის ფულადი სახსრების დაბრუნების პოლიტიკით. IT კომპანიებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ „საერთაშორისო კომპანიის სტატუსის“ საგადასახადო კოდით, რომელიც 5%-მდე ამცირებს პირადი საშემოსავლო გადასახადის და მოგების გადასახადის განაკვეთებს ექსპორტიორებისთვის“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველო ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის. კანონმდებლობა ადგენს ხელსაყრელ პირობებს, მაგრამ არა შეღავათიან რეჟიმს უცხოური ინვესტიციებისთვის. „კანონი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიის შესახებ იცავს უცხოელ ინვესტორებს შემდგომი კანონმდებლობისგან, რომელიც ცვლის მათი ინვესტიციების პირობებს ათი წლის ვადით“, – აღნიშნულია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიდოლიძე – ყველაზე დიდ ოპოზიციური პარტიას ყველაზე მეტად უნდა ადარდებდეს საზოგადოებრივი განწყობები, ახლა ამ განწყობების იგნორირება ხდება
შემდეგი სტატიაპუტინი – რუსეთი მზად არის, აფრიკის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს უახლოეს სამ-ოთხ თვეში მარცვლეული უსასყიდლოდ გაუგზავნოს