შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკრიტიკა რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის ე.წ. „სამშვიდობო გეგმა“ და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობის შესახებ სერიოზული დისკუსიებისთვის მზად არაა.
აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელმა პუტინის განცხადებას „კიდევ ერთი მაქსიმალისტური განცხადება“ უწოდა, რომელშიც მან უკრაინას მოუწოდა, დათმოს კიდევ უფრო მეტი სუვერენული ტერიტორია, ვიდრე ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
„ვერც ერთი პასუხისმგებელი ერი ვერ იტყვის, რომ ეს მშვიდობის გონივრული საფუძველია. ის ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას. ის ეწინააღმდეგება ძირითად მორალს. ის ეწინააღმდეგება ძირითად საღ აზრს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის მზად რაიმე სერიოზული საუბრისთვის.
„რუსეთის ქმედებები ამას განსაკუთრებით ცხადყოფს, რადგან ის აგრძელებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას, ემუქრება გემებს შავ ზღვაში და იძულებით გადააადგილებს ათიათასობით უკრაინელ ბავშვს“, – აღნიშნა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.


















