14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისთვის

„ფორმულამ“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის, განცხადების შესახებ ჰკითხა – რომ თითქოს სახელმწიფო დეპარტამენტთან „საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია“ მიმდინარეობს.

გამოცემა დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტი ამ განცხადებას მიმდინარე დიპლომატიური დინამიკის სწორ ასახვად და იგეგმება თუ არა პოლიტიკური ცვლილებები საქართველოს მთავრობასთან მიმართებით.

„ამერიკის შეერთებული შტატები 33 წლის განმავლობაში საქართველოსა და ქართველი ხალხის რჩეული პარტნიორია. ჩვენ კვლავაც ვრჩებით საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერებად.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის.

სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შუამავლობით მიაღწია ტრანსფორმაციულ შესაძლებლობებს სთავაზობს მთელ სამხრეთ კავკასიას. საქართველოს შეუძლია როგორც საკუთარი წვლილი შეიტანოს, ისე დიდი სარგებელი მიიღოს იმ სტაბილურობიდან და კეთილდღეობიდან, რასაც ეს შეთანხმება ხდის შესაძლებელს.

ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კლიმატზე. ჩვენ ასევე განვიხილავთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ შეიძლება გადადგას ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განმტკიცებისა და წინსვლის მიმართ სერიოზული დამოკიდებულების დასადასტურებლად“ — ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის „ფორმულასთვის“ გამოგზავნილ პასუხში.

banner
წინა სტატიაშიანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე და კიდევ 9 პირი სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიალევან ხაბეიშვილი: ხალხი ითხოვს არჩევნებს, მაგრამ მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორი იქნება ეს არჩევნები