აშშ თვლის, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო მისია, რათა უზრუნველყოს მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებისთვის გამჭვირვალობა და სანდოობა, – ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე.
„მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს საერთაშორისო მისია, რათა უზრუნველყოს გამჭვირვალობა, სიმშვიდე და სანდოობა მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რომ მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იქნება იმ საჯარო განცხადებების შესაბამისად, რომელიც აზერბაიჯანმა გააკეთა“, – აღნიშნა მილერმა.
მისივე თქმით, აშშ მუშაობს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად იმისთვის, რომ ასეთი მისიის შექმნა უზრუნველყონ.
ამასთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის სიტყვებზე კომენტირებისას, რომ მოსკოვმა ვერ შეძლო ერევნის დაცვა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში მოკავშირის სტატუსის მიუხედავად, მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ „აჩვენა, რომ ის არ არის უსაფრთხოების სფეროში ის პარტნიორი, რომელსაც შეიძლება დაეყრდნო”.