აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: „ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის კუთხით საქართველო კვლავ პირველ კალათაშია“

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2018 წლის 28 ივნისს გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ.

ანგარიშით საქართველო კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს და მუდმივ რეჟიმში აგრძელებს თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო აგრძელებს მტკიცე, შეუქცევად და მდგრად ძალისხმევას ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის დადებით შეფასებას 4-სკალიანი რეიტინგული სისტემის პირველი, უმაღლესი ნიშნულით − 1-ლი კალათით.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთადერთი ქვეყანაა, რომლიც ტრეფიკინგთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით პირველ კალათაშია ევროკავშირის ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა: საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ჩეხეთი, ესპანეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჰოლანდია, დანია, პორტუგალია და სხვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პოზიტიურად ფასდება როგორც ტრეფიკინგის შემთხვევების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კომპონენტი, ისე პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და თანამშრომლობის კუთხით გატარებული ზომები. ანგარიში პოზიტიურად აფასებს ტრეფიკინგთან ბრძოლის საბჭოს (რომელსაც იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობს) მიერ სამართალდამცავთათვის განახლებული სახელმძღვანელო დოკუმენტისა და საზღვარზე მომუშავე პერსონალისთვის შემუშავებული სახელმძღვანელოს დამტკიცებას.

პოზიტიურად ფასდება სამართალდამცავთა საქმიანობა დანაშაულის პროაქტიულად გამოვლენისა და ტრეფიკიორთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით. ანგარიშში ყურადღებაა გამახვილებული მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორებზეც, რომლებიც ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და დაზარალებულებს კონსულტაციებს უწევენ და აწვდიან მათ დეტალურ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით.

ანგარიში დადებითად აფასებს ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით ქვეყანაში არსებულ ეროვნულ რეფერალურ მექანიზმსა და სამართალდამცავ ორგანოებსა და მსხვერპლებთან მომუშავე უწყებებს შორის ეფექტიან კოორდინაციას. დოკუმენტში ხაზგასმულია პროკურორებისა და მოსამართლეების მსხვერპლის ინტერესებზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც გულისხმობს მსხვერპლთა რეაბილიტაციას.

ანგარიშში საუბარია უწყებათაშორისი საბჭოს ხელმძღვანელობით მიმდინარე ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებზეც. ამ კამპანიებში მთავრობის წამყვანი როლი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ფინანსური, ისე ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსის მხრივ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების იდენტიფიცირებისა და მათი დახმარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული 79000-ლარიანი საგრანტო პროექტები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2018 წლის ანგარიშში საქართველოს პოზიტიური შეფასება ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ეფექტიანი მუშაობის შედეგია, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი და რომლის შემადგენლობაში შედიან ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მონიტორინგისა და პრევენციის ოფისის მეშვეობით მსოფლიოს მასშტაბით წელს 190 ქვეყანა შეაფასა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ. შეფასება ისეთ ძირითად კომპონენტებს ეფუძნება, როგორიცაა: სახელმწიფოს მიერ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენცია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვა, დამნაშავეთა სისხლისსამართლებრივი დევნა და ტრეფიკინგის კუთხით პარტნიორობა მთავრობებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : მეექვსე წელია, რაც ჯანდაცვის მინისტრი ვარ და ამ პერიოდში სამსახურეობრივი მოხმარებისთვის არც ერთი ავტომობილი არ შეგვიძენია
შემდეგი სტატიარუსული მხარის მიერ დაკავებული ქართველი მესაზღვრეები გაათავისუფლეს