აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე როჯერ უიკერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც ნათქვამია , რომ გმობენ „ქართული ოცნების“ მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ქართული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ:
“ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიურად ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას დამოუკიდებელი ხმების გაჩუმებით – ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, რომლებიც ბელარუსის ლუკაშენკოს რეჟიმს მოგვაგონებს.
სამოქალაქო ორგანიზაციებისგან მოთხოვნილი ინფორმაციის მოცულობა, სავარაუდოდ, უკანონოა და იმდენად ვრცელია, რომ შეუძლებელს ხდის ამ მოთხოვნების დაკმაყოფილებას. ქართული ოცნების ქმედებები, რომელიც ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან არის დაკავშირებული, მიზნად ისახავს ორგანიზაციების — Civil Society Foundation, Economic Policy Research Center, TI Georgia, Sapari, Future Academy, Media Development Foundation და ISFED — საქმიანობის პარალიზებას. ამასთან ერთად, ქართულმა ოცნებამ გააძლიერა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიები — რამდენიმე პრო-დემოკრატიული ლიდერი დააკავეს და პოლიტიკური მოტივებით მიუსაჯეს პატიმრობა.
პირდაპირ რომ ვთქვათ, დემოკრატიული მთავრობები არ უნდა აღიქვამდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, ებრძვიან კრემლის პროპაგანდას, კორუფციას და იცავენ ქალებისა და ახალგაზრდების უფლებებს, როგორც საფრთხეს. ისევე, როგორც ეს ორგანიზაციები იცავენ საქართველოს მოქალაქეთა და მამხილებელთა პერსონალურ მონაცემებს მთავრობის გადაჭარბებული ჩარევისგან, ჩვენ გავაგრძელებთ ხმამაღლა საუბარს და ვიმუშავებთ შესაბამისი კანონმდებლობის მიღებაზე. ამ მიზნით, მხარს ვუჭერთ ორპარტიულ MEGOBARI-ის აქტის სწრაფ მიღებას სენატში.“ -ნათქვამია განცხადებაში.