აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პოზიტიურად აფასებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დადებითად აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია, როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა, – ამის შესახებ DFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბოელერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას ისაუბრა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოში DFC-ის მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე. განსაკუთრებულად აღინიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის როლი საქართველოში კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, პანდემიის პირობებში.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან – აშშ-სთან მაღალი დონის თანამშრომლობისა, არა მხოლოდ დემოკრატიზაციისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ ეკონომიკური მიმართულებითაც. მანვე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე, რათა კიდევ უფრო გააქტიურდეს ეკონომიკური ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებს შორის. გიორგი გახარიამ ადამ ბოელერი საქართველოში მოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ბანკის დაფინანსებით დიდ ბრიტანეთში სწავლას კიდევ სამი ქართველი სტუდენტი გააგრძელებს
შემდეგი სტატია28 წლის წინ დაიწყო ომი აფხაზეთში