აშშ-ის საელჩოში, როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა, მადლობა საელჩოს ყველა წარმომადგენელს, რომლებმაც აღმოფხვრეს დეზინფორმაცია და მისი შესაძლო პროვოკაციული ხასიათი – მდინარაძე

ყველას ვთხოვ, ჟურნალისტი იქნება თუ პოლიტიკოსი, რაც არ უნდა პარტიული დავალებები იყოს, თავს ზევით ძალა იპოვონ და ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებას თავი დაანებონ, სადაც აშკარად იგრძნობა, რომ პროვოკაციის საფრთხეებია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძეს კითხვა დაუსვეს, აშშ-ის სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. მდინარაძის თქმით, ეს არის უდიდესი პროვოკაციის სურვილის შემცველი ტყუილი.

„ეს არ არის მარტივი საკითხი და ერთი მიმდინარე დამაზიანებელი ტყუილი. ეს არის უდიდესი პროვოკაციის სურვილის შემცველი ტყუილი, როდესაც ასეთ საკითხებს ასე უბრალოდ ეხებიან, საუბრობენ სამხედრო ბაზებზე, უსაფრთხოების საკითხებზე და ამ დროს, უსაფრთხოების რისკებს თავად ზრდიან. ეს არ არის მარტივი საკითხი და ყველას ვთხოვ, რაც არ უნდა პარტიული დავალებები იყოს, ასეთი ტყუილების, ზოგადად ტყუილის გამოგონება რა საკადრისია, მაგრამ ასეთი ტყუილების გამოგონება, რომელსაც თან სხვა საფრთხეებიც ახლავს, სხვა პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს, ეს მარტივი პროვოკაცია და უბრალო ამბავი არ შეიძლება, იყოს, ამას ცოტა გაუფრთხილდნენ, თავს ზევით ძალა იპოვონ, ჟურნალისტი იქნება თუ პოლიტიკოსი, და ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებას თავი დაანებონ, სადაც აშკარად იგრძნობა, რომ პროვოკაციის საფრთხეებია, სხვა გამოწვევებია, სხვა საფრთხეებია, რაზეც ასე კამერების წინ შეიძლება, მოვერიდო საუბარს. მაგრამ ამასობაში, ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ჩანს აშშ-ის, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის საელჩოში რაღაც შეიცვალა. უდაოდ მისასალმებელია, რომ პირველივე წუთებში თუ საათებში მათ მოახდინეს მყისიერი რეაგირება ამ დეზინფორმაციაზე და თქვეს, რომ ეს არის დეზინფორმაცია, ტყუილი. ასეთი რეაგირება მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების სწორ ინფორმირებულობას უწყობს ხელს. აქამდე, საუბედუროდ, ასე არ ხდებოდა. საბედნიეროდ, როგორც ჩანს, რაღაც შეიცვალა და ასე მოხდა. ეს ძალიან კარგია და მინდა, მადლობა ვუთხრა საელჩოს ყველა წარმომადგენელს, რომლებმაც ასეთ მოკლე ვადებში აღმოფხვრეს ეს დეზინფორმაცია და მისი შესაძლო, მოსალოდნელი პროვოკაციული ხასიათი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ოპოზიციის განცხადებების შესახებ დასმულ კითხვაზე, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ანტიდასავლურია, მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს ანტიდასავლურს უწოდებენ და ეს მათი მესიჯბოქსია.

„უკვე სისულელეებს ლაპარაკობენ, გადაჭარბების გარეშე სისულელეებს ლაპარაკობენ. ყველაფერს ანტიდასავლურს უწოდებენ. შინაურ ცხოველებზე რომ ვილაპარაკოთ, ისიც ანტიდასავლური იქნება. აღარ აქვს მნიშვნელობა, რას ვიტყვით, რუსული იქნება მაინც. შინაურ ცხოველებზე, თქვენს კამერებსა და შტატივებზე საუბარიც იქნება ანტიდასავლური. ასეთ სისულელეებზე არიან გადასული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას, უნდა ვამხილოთ ყოველ ჯერზე, რამდენ რუსულს იტყვიან, რამდენ ანტიდასავლურს იტყვიან, იმდენ სისულელეს, აღარ აქვს უკვე მნიშვნელობა თემას. ყველაფერი ანტიდასავლურია – ეს არის დავალებული მესიჯბოქსი და ამ მესიჯბოქსს მიჰყვებიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 68-ე სხდომა გაიმართა
შემდეგი სტატიაბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყანა ღირსეულად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – კალაძე