აშშ-ის საელჩო ერაყში ამერიკის მოქალაქეებს აფრთხილებს.
მიმართვაში აღნიშნულია, რომ ირანთან მოკავშირე ერაყის ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა მომდევნო 24-48 საათის განმავლობაში ბაღდადის ცენტრში თავდასხმები განახორციელონ.
“ირანმა და მისმა მოკავშირე ტერორისტულმა დაჯგუფებებმა განახორციელეს ფართომასშტაბიანი თავდასხმები აშშ-ის მოქალაქეებისა და აშშ-სთან დაკავშირებული სამიზნეების წინააღმდეგ მთელი ერაყის მასშტაბით, მათ შორის ერაყის ქურთისტანის რეგიონში.
აღნიშნული აქტორების სამიზნე შეიძლება გახდნენ: აშშ-ის მოქალაქეები, კომპანიები და უნივერსიტეტები; დიპლომატიური ობიექტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა; სასტუმროები, აეროპორტები და სხვა ადგილები, რომლებიც მიჩნეულია აშშ-სთან დაკავშირებულად; ერაყის სახელმწიფო ინსტიტუტები და სამოქალაქო სამიზნეები. ტერორისტული დაჯგუფებები ამერიკელებს გატაცების მიზნითაც ესხმიან თავს. აშშ-ის მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ერაყი. ერაყის მთავრობამ ვერ შეძლო იმ ტერორისტული თავდასხმების აღკვეთა, რომლებიც ერაყის ტერიტორიაზე ხდება ან იქიდან იგეგმება. მილიტარისტული ჯგუფები შესაძლოა დაკავშირებულნი იყვნენ ერაყის მთავრობასთან და ზოგიერთ ტერორისტს შესაძლოა, ჰქონდეს ერაყის მთავრობის მიერ გაცემული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება მათი საქმნიაობა სამთავრობო სტრუქტურებში.
აშშ-ის მისია ერაყში აგრძელებს მუშაობას, რათა დახმარება გაუწიოს აშშ-ის მოქალაქეებს. ნუ ეცდებით ბაღდადში აშშ-ის საელჩოსთან ან ერბილში გენერალურ საკონსულოსთან მიახლოებას უსაფრთხოების მუდმივი რისკების გამო, რაც მოიცავს რაკეტებს, დრონებსა და ნაღმტყორცნებს ერაყის საჰაერო სივრცეში.
აშშ-ის საელჩო ერაყში შეახსენებს აშშ-ის მოქალაქეებს მე-4 დონის (Level 4: Do Not Travel) მოგზაურობის გაფრთხილების შესახებ. აშშ-ის მოქალაქეებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაცია: ნუ გაემგზავრებით ერაყში არავითარი მიზეზით. თუ უკვე იქ იმყოფებით, დაუყოვნებლივ დატოვეთ ქვეყანა.”-ნათქვამია ბაღდადში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.















