აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს ირანში „რეჟიმის ცვლილება“, რადგან ეს ქაოსს გამოიწვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს ირანში „რეჟიმის ცვლილება“, რადგან ეს ქაოსს გამოიწვევს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა აღნიშნა, რომ ისრაელმა, მისი მოთხოვნით, დღეს დილით ირანზე დაგეგმილი დარტყმა არ განახორციელა.

„ისრაელი, როგორც იცით, უკან დაბრუნდა. მათ დღეს დილით ეს დარტყმა არ განახორციელეს. საბედნიეროდ. ზავი ძალიან კარგად მოქმედებს და ვფიქრობ, ასე ხანგრძლივად შევინარჩუნებთ“, – აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, მან ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საუბრისას უთხრა: „ვუთხარი, თვითმფრინავები უნდა დააბრუნო, საკმარისია“.

აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ზავის ძალაში შესვლის შემდეგ ისრაელმა ირანზე ძლიერი დარტყმა განახორციელა, რაზეც ღამით ირანმა საპასუხო იერიში მიიტანა. ამის შემდეგ, ტრამპის თქმით, ისრაელი კვლავ შურისძიებას აპირებდა, მაგრამ მისი ჩარევით ეს თავიდან იქნა აცილებული.

„ბირთვული იარაღი ახლა ირანის ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია“, – დასძინა ტრამპმა და აღნიშნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასოდეს ექნება.

ირანში ხელისუფლების ცვლილების შესახებ კითხვაზე პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა: „არა, არა. თუ მოხდება, მოხდეს, მაგრამ არ მინდა. მინდა, ყველაფერი რაც შეიძლება სწრაფად დამშვიდდეს. რეჟიმის ცვლილება ქაოსს მოითხოვს და ბევრი ქაოსი არ უნდა ვნახოთ“.

დონალდ ტრამპმა ირანელები „ძალიან კარგ ვაჭრებად“ და „ძალიან კარგ ბიზნესმენებად“ დაახასიათა და განაცხადა, რომ მათ ბევრი ნავთობი აქვთ.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკული B2 ბომბდამშენების პილოტები შეაქო, რომლებმაც ირანზე დარტყმა განახორციელეს.

„მათ სრულყოფილად მოარტყეს მიზანს, მთლიანად გაანადგურეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს სამიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას ელოდება
შემდეგი სტატიაამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი გრინკევიჩი: უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომში გამარჯვება