25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

აშშ-ის მიერ დაკავებული რუსული “ჩრდილოვანი ფლოტის” გემის ქართველმა კაპიტანმა ბრალი აღიარა

აშშ-ის მიერ დაკავებული რუსული ჩრდილოვანი ფლოტის გემის ქართველმა კაპიტანმა აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის წაყენებული ბრალი აღიარა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

“47 წლის ავთანდილ კალანდაძემ, რომელიც ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერის ყოფილი კაპიტანია და რომელსაც წარსულში ირანული და ვენესუელური ნავთობი აშშ-ის მოწინააღმდეგეების სასარგებლოდ გადაჰქონდა, დღეს საოლქო სასამართლოში ბრალი აღიარა, კარიბის ზღვიდან ჩრდილო ატლანტის ოკეანემდე მრავალკვირიანი დევნის დროს აშშ-ის სანაპირო დაცვის ბრძანებების დაუმორჩილებლობისთვის“ ,_  ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, რუსული ჩრდილოვანი ფლოტი ქართველ კაპიტანს განაჩენს 7 აგვისტოს გამოუტანენ. სანაპირო დაცვის ბრძანებისთვის დაუმორჩილებლობა, დამამძიმებელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

„კალანდაძის მიერ დანაშაულის აღიარება გამაფრთხილებელი უნდა იყოს ჩრდილოვანი ფლოტის მფლობელებისთვის, ოპერატორებისთვის და ყველასთვის, ვინც მართავს ან სხვაგვარად მხარს უჭერს მსგავს სახიფათო გემებს“,_  განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში გენერალური პროკურორის თანაშემწემ, ჯონ ეიზენბერგმა.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ავთანდილ კალანდაძე ტანკერის Bella 1-ის კაპიტანი 2025 წლის სექტემბრიდან 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე იყო, რა დროშიც მან აზიაში 1.8 მილიონი ბარელი ირანული ნავთობი გადაიტანა.

„ამ პერიოდში კალანდაძე Bella 1-ის გადაადგილების დასამალად სხვადასხვა გავრცელებულ მეთოდებს იყენებდა, მათ შორის, გადაადგილდებოდა გამორთული ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემით (AIS) და ნავთობის გადატვირთვისას გემის დასახელებას მალავდა“,_  ნათქვამია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

ვენესუელასთან დაკავშირებული და რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ნავთობტანკერი Marinera იგივე Bella 1, რომლის კაპიტანიც ავთანდილ კალანდაძე იყო, ირანიდან ვენესუელისკენ 2025 წლის აგვისტოში გავიდა. აშშ-მა ნავთობტანკერის დაკავება 21 დეკემბერს კარიბის ზღვაში ვენესუელის ბლოკადის დროს სცადა, ხოლო ამერიკელმა სამხედროებმა ნავთობტანკერი ისლანდიასთან ახლოს 7 იანვარს დააკავეს. დაკავების შემდეგ ნავთობტანკერი და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის გემის ქართველი კაპიტანი, ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ავთანდილ კალანდაძე შოტლანდიიდან წაიყვანა. ავთანდილ კალანდაძეს აშშ-ში ბრალი ოფიციალურად 12 თებერვალს წაუყენეს.

banner
წინა სტატიაშირუსული ძალების იერიში ხარკოვსა და დონეცკზე – კრემლი ახალ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრობს
შემდეგი სტატიაირაკლი კუპრაძე “ტვ პირველის” ინფორმაციაზე – ჩვენი მოთხოვნაა, გამოაშკარავდეს ყველა დამნაშავე და დაისაჯოს