აშშ-ის კონგრესში ინიცირებული საკანონმდებლო აქტი შავი ზღვიწ რეგიონისა და საქართველოს მიმართ აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს

2022 წლის 12 ივლისს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ.

კერძოდ, აშშ-ის სენატორებმა ჯინ შაჰინმა (დემოკრატი – ნიუ ჰემფშირი) და მიტ რომნიმ (რესპუბლიკელი – იუტა) სენატში წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი – 2022 წლის შავი ზღვის უსაფრთხოების აქტი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციას შავი ზღვის რეგიონთან მიმართებაში სტრატეგიის შემუშავებას ავალებს.

კანონპროექტის მიხედვით, ევროკავშირისა და ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვართან, რუსეთის მიერ 2014 და 2022 წლებში უკრაინაში, ხოლო 2008 წელს საქართველოში სამხედრო შეჭრის შემდგომ, შავი ზღვის რეგიონი მზარდი დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონად რჩება. შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შავი ზღვის რეგიონის, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს, უკრაინის, რუმინეთისა და ბულგარეთის სამხედრო მხარდაჭერის ზრდას და ასევე, ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამ კუთხით, დოკუმენტი ეხმაურება უკრაინაში, საქართველოსა ან რუმინეთში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის რეგიონალური ოფისის გახსნას.

სხვა საკითხებთან ერთად, უსაფრთხოების აქტი შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირებასაც ეხმაურება. კერძოდ, აქცენტი რეგიონში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის, რუსეთის ენერგო რესურსებზე დამოკიდებულების შემცირებისა და რეგიონის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოების ზრდის აუცილებლობაზე კეთდება.

დოკუმენტში საუბარია მოკავშირეებთან ერთად გრძელვადიანი უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც აღმოსავლეთ ფლანგზე მათი მუდმივ და მდგრად ყოფნას უზრუნველყოფს.

კანონპროექტი ასევე ეხმაურება და მხარს უჭერს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 3 ზღვის ინიციატივას, რომელიც ადრიატიკის, ბალტიისა და შავ ზღვას შორის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ციფრული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და დაკავშირებულობის სტიმულირებას ემსახურება.

აღნიშნული კანონპროექტის თანა-სპონსორები არიან აშშ-ის სენატორები ტომ თილისი (რესპუბლიკელი – ჩრდილოეთ კაროლინი ), ქრის ქუნსი (დემოკრატი – დელავერი), სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკელი – მისისიპი) და სენატორი ბენ კარდინი (დემოკრატი – მერილენდი).

banner
წინა სტატიაშირიკარდ ჟოზვიაკი: ევროპარლამენტარების მკაფიო განმარტება დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, უპრეცედენტოა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე გოგაშვილზე: მოხსნამდე, ორჯერ შემოგვთავაზა დაზავება