აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეწვია

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეწვია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს გააცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიღწევები, უწყებაში დანერგილი სიახლეები, ასევე აქტუალურ თემებზე ჩატარებული, მიმდინარე საერთაშორისო პარალელურ აუდიტებთან დაკავშირებული საკითხები და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სტატუსი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობით, ირაკლი მექვაბიშვილმა ისაუბრა აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან თანამშრომლობის პროექტზე, რომელიც USAID-ის ხელშეწყობით დაიგეგმა. უწყების ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურთან (GAO) ერთობლივი პროექტი ეფექტიანობის აუდიტის მიგნებების და გაცემული რეკომენდაციების ზეგავლენის შეფასებისა და პროფესიული დახელოვნების მიმართულებებს მოიცავს.

„ძალიან საინტერესო და ინფორმატიული შეხვედრა მქონდა გენერალურ აუდიტორთან, სადაც განვიხილეთ სახელმწიფო ინსტიტუტებში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა. USAID-ი და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა 2011 წლიდან თანამშრომლობს სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან მისი საქმიანობის განვითარების კუთხით. ძალიან შთამაგონებელი და იმედის მომცემია ის პროგრესი, რასაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მიაღწია მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. მათი საქმიანობა ემსახურება საზოგადოების წინაშე სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას ფუნქციონირებისა და ფინანსების განკარგვის კუთხით“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

აშშ-ის ელჩთან შეხვედრას ესწრებოდნენ გენერალური აუდიტორის მოადგილე ეკა ღაზაძე და USAID-ის ფინანსური ოფისის დირექტორი გაგიკ მელკუმიანი.

banner
წინა სტატიაშიბათუმში შემოსავლების სამსახურის 3 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დადასტურდა