რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“.
ელჩი რობინ დანიგანი ასევე აცხადებს, რომ მას სურდა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წერილზე ჰქონდა პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც სთხოვა, რომ ეს პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად გადაეცა, თუმცა ივანიშვილისგან უარი მიიღო.
ელჩი ასევე აცხადებს: „ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“.
ელჩი, რომელიც ივლისში საქართველოს ტოვებს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო-ურთიერთობების „სწორ გზაზე დაბრუნება არც ისე რთულია“ და ამას, პირველ რიგში, სჭირდება არის „ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა“.
ელჩი აცხადებს, რომ ჩვეულებრივ, ის არ გააკეთება კომენტარს დახურულ დიპლომატიურ კორესპონდენციაზე ან საუბრებზე, თუმცა თქვა: „მაგრამ ვინაიდან მთავრობამ გადაწყვიტა ეს გააკეთოს, რამდენიმე მონაცემს მოვიყვან“.
რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ადმინისტრაციის პირველ დღეებში ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს:
„[რათა] დავლაპარაკებოდი საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე და მქონოდა გზამკვლევი, რა სურდათ, რომ ყოფილიყო მათი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის“, – განაცხადა ელჩმა.
„მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს [მაკა ბოჭორიშვილს] და ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას“, – ამბობს იგი.
„სამი დღის შემდეგ – და ხაზს ვუსვამ, ჩვეულებრივ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერმინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი.
ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად“, – აცხადებს ელჩი დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
„ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილისგამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის“, – თქვა ელჩმა.
ის ასევე ამბობს, თუ როგორ როგორ წარიმართა მოლაპარაკებები ივანიშვილთან შეხვედრაზე, რაზეც საელჩომ უარი მიიღო:
„ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერმინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე.
რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით“ შეხვდება, თუმცა „ცალკე მას არ უთხოვია ჩემთან შეხვედრა“.
„მაგრამ, მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა უარი. ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერმინისტრისთვის მიმეცა“, – აზუსტებს იგი.
რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, იკითხა თუ არა რობინ დანიგანმა ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაეცა აღნიშნული გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ირაკლი კობახიძისათვის, ელჩმა განაცხადა:
„ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“.
„ყველაზე უცნაური ის არის, რომ, რასაც ის ითხოვს – ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნება, – არც ისე რთულია“, – განაცხადა ელჩმა.
როგორც ელჩმა განმარტა, „ერთ-ერთი პირველი რამ, უპირველესად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა“:
„ხომ გესმით – აშშ-ის შესახებ ისეთი რაღაცების თქმა, რაც არ არის სიმართლე. „ქართული ოცნება“ ამბობს უამრავ რამეს აშშ-ზე, რაც არ არის სიმართლე: რომ ჩვენ ვცდილობდით აქ მეორე ფრონტის დაწყებას – არ არის სიმართლე; რომ ჩემი წინამორბედი ცდილობდა აქ რევოლუციის გაღვივებას – არ არის სიმართლე; რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე – არ არის სიმართლე; რომ მე ჩემმა მთავრობამ გამიწვია – არ არის სიმართლე. შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ნინო გელაშვილის სრული ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან ხვალ, 7 ივლისს გამოქვეყნდება.
წყარო: რადიო თავისუფლება