აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს უპასუხისმგებლო და საშიში ბირთვული რიტორიკა

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელები რუსეთს მოუწოდებენ, შეწყვიტოს უპასუხისმგებლო და საშიში ბირთვული რიტორიკა. შესაბამისი განცხადება სამი ქვეყნის დიპლომატებმა ნიუ იორკში „ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულების“ მიმოხილვის კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრის შედეგად გაავრცელეს.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და უკანონო აგრესიის დაწყების შემდეგ, ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს თავისი უპასუხისმგებლო და საშიში ბირთვული რიტორიკა და ქცევა, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები და სიტყვით და ქმედებებით დაიცვას პრინციპები, რომლებსაც ითვალისწინებს ლიდერების ბოლო განცხადება ბირთვული ომის თავიდან აცილებისა და შეიარაღების რბოლის დაუშვებლობის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია ირანზე. კერძოდ, სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები ადასტურებენ, რომ ირანმა არასდროს უნდა შეიმუშავოს ბირთვული იარაღი. განცხადებაში გამოთქმულია წუხილი, რომ ინტენსიური დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ირანმა ამ დრომდე არ გამოიყენა ბირთვული შეთანხმების აღდგენის შესაძლებლობა.

banner
წინა სტატიაშიადამ კინზინგერი – ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა
შემდეგი სტატია„აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს ნენსი პელოსს აქვს სრული უფლება ეწვიოს ტაივანს“