აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს თანამშრომლის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ანზორ შარმაიძე საქმის გადახედვასა და დაზარალებულად ცნობას ითხოვს

993 წელს აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) თანამშრომლის, ფრედი ვუდროფის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ანზორ შარმაიძე საქმის გადახედვას და დაზარალებულად ცნობას ითხოვს. ანზორ შარმაიძემ, რომელიც ფრედი ვუდროფის მკვლელობისთვის 1994 წელს გაასამართლეს, პროკურატურას განცხადებით მიმართა.

ანზორ შარმაიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მისმა ადვოკატმა, არჩილ ბერიანიძემ კი განაცხადა, რომ შარმაიძე უსაფუძვლოდ იხდიდა სასჯელს 15 წლის განმავლობაში.

„ჩვენ განცხადებით მივმართეთ გენერალურ პროკურორს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს რამდენიმე განცხადება აქვს გენერალური პროკურორის სახელზე. ასევე მან საგამოძიებო ორგანოს რამდენჯერმე მიმართა განცხადებით, რომ გაეტარებინათ ქმედითი ღონისძიებები, რაც დაამტკიცებდა და ფარდას ახდიდა იმ გარემოებას, რომ ანზორ შარმაიძე გახლავთ უდანაშაულო პირი. მან 15 წელი, სამი თვე და 14 დღე არაფრის გამო მოიხადა და იყო უკანონო პატიმრობაში. ამასთან დაკავშირებით ვითხოვთ, პროკურატურამ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები. სამწუხაროდ, მიუხედავად არაერთი მიმართვისა, უგულებელყოფილ იქნა მისი განცხადება, პროკურატურის მხრიდან არ ყოფილა დაინტერესება, თუ რას ითხოვდა ანზორ შარმაიძე, ამ ეტაპზე ვიმედოვნებთ, რომ პროკურატურა განახორციელებს ქმედით ღონისძიებებს, დაამტკიცებს იმას, რომ ანზორ შარმაიძე იყო უდანაშაულო“, – განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

მისივე თქმით, პროკურატურისგან, პირველ რიგში, შარმაიძის გამოკითხვას ითხოვენ.

„ჩვენ ვითხოვთ, პირველ რიგში, ანზორ შარმაიძის გამოკითხვას, რათა მან მიაწოდოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია. გატარდეს რიგი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, რაც ცალსახად დაადასტურებს, რომ ის იყო უდანაშაულო პატიმარი, რაც გამოიხატება შემდეგში, რომ მას არავინ მოუკლავს და ეს დრო ტყუილად გაატარა ციხეში, მიიღო დიდი მორალური და ფიზიკური ზიანი. შესაბამისად, ვითხოვთ გამოძიებას, რათა დადასტურდეს მისი უდანაშაულობა. აქამდეც მიმართა მან პროკურატურას. ჩემი ინფორმაციით, ჩატარებული არის გარკვეული მოქმედებები, თუმცა დეტალურად რა ღონისძიებები იქნა გატარებული, ეს ჩემთვის უცნობია. ფაქტია, რომ დღესდღეობით ანზორ შარმაიძე არ არის დაზარალებულად ცნობილი. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, დაზარალებულად ცნობა, რადგან მას დანაშაული არ ჩაუდენია. სწორედ ეს მტკიცებულებათა სტანდარტი უნდა შექმნას გამოძიებამ, რათა მოგვენიჭოს დაზარალებულის სტატუსი“, – აღნიშნა არჩილ ბერიანიძემ.

მისივე თქმით, ანზორ შარმაიძე არ ფლობს ინფორმაციას, ვინ არის რეალური დამნაშავე.

„ჩვენ ამას არ ვიძახით, ვინ შეიძლება, ყოფილიყო სავარაუდო მკვლელი და ასე შემდეგ. ამაზე ინფორმაცია ანზორ შარმაიძეს არ აქვს და ვერ ექნება, რადგან მას წარმოდგენა არ აქვს, რა მოხდა იმ პერიოდში. იგი დააკავეს უსაფუძვლოდ და უსაფუძვლოდ იჯდა ციხეში. ჩვენ კონკრეტულ სახელებსა და გვარებს არ ვასახელებთ. იმედია იქნება, პროკურატურის მხრიდან იმის საშუალება, რომ გამოკითხონ ანზორ შარმაიძე. ყველა ინფორმაციას დეტალურად მიაწვდის პროკურატურას, რაც მას აქვს. რა ვითარებაში დააკავეს მაშინ და ასე შემდეგ, ამისგან საუბარზე თავს შევიკავებ, შემდგომში საჭიროებისამებრ რომ ინტერესებიდან გამომდინარე მოგახსენოთ“, – განაცხადა არჩილ ბერიანიძემ.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლების ასარჩევია, დარჩებიან მარტო პარლამენტში, თუ დაიწყება დემოკრატიული პროცესი”
შემდეგი სტატიაანა ნაცვლიშვილი: სამწუხაროდ, პომპეოს გზავნილი დამოუკიდებელი მართლმსაჯულების აუცილებლობაზე მგლის თავზე სახარების კითხვაა იუსტიციის საბჭოსთვის და “ქართული ოცნებისთვის”