აშშ-ის არმიის მინისტრი უკრაინას არწმუნებდა, რომ მარცხი გარდაუვალი იყო – NBC News

კიევში ბოლო ვიზიტის დროს აშშ-ის არმიის მინისტრმა დენ დრისკოლმა უკრაინის ლიდერებს რიგი მკაცრი და პესიმისტური პროგნოზები გაუზიარა, რაც, NBC News-ის ინფორმაციით, პირდაპირ უკავშირდებოდა ვაშინგტონის სურვილს, რომ უკრაინა ამერიკული „სამშვიდობო გეგმის“ საწყის ვერსიას დათანხმებულიყო. ორი წყაროს ცნობით, რომლებიც შეხვედრის შინაარსს იცნობენ, დრისკოლმა აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ვითარება ყოველდღიურად უარესდება: რუსეთი აძლიერებს საჰაერო დარტყმებს, ფლობს პრაქტიკულად შეუზღუდავ რესურსებს და შეუძლია ომი დატვირთვის გარეშე გააგრძელოს. ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა ხაზგასმით თქვა, რომ დროის გაწელვა მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ უკრაინა მომავალში უფრო სუსტ პოზიციაში აღმოჩნდება.

აშშ-ის დელეგაციამ ასევე გააფრთხილა უკრაინული მხარე, რომ ამერიკის სამხედრო-სამრეწველო შესაძლებლობები ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის საჭირო რაოდენობის საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებას. წყაროს ინფორმაციით, დრისკოლის საბოლოო გზავნილი დიალოგის შემდეგ უკიდურესად პირდაპირი და მკვეთრი იყო – მას თქვა, რომ უკრაინა ახლა თმობს პოზიციებს და შეთანხმების მიღება აუცილებელია.

კიევში ამ გეგმის საწყისი ვარიანტი ფაქტობრივ კაპიტულაციად შეფასდა და უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა თავაზიანად, მაგრამ მკაფიოდ განაცხადეს უარი მისი ხელმოწერაზე.

NBC News წერს, რომ ეს ეპიზოდი კიდევ ერთი მტკიცებულებაა ტრამპის ადმინისტრაციის შიგნით არსებული ღრმა განხეთქილების, რომელიც ომის დასრულების სტრატეგიაზე მიმდინარეობს. სტივ უიტკოფისა და ჯეიდი ვენსის ჯგუფი უკრაინას მიიჩნევს მთავარ შემაფერხებელ ძალად და ამტკიცებს, რომ სწორედ კიევის უკომპრომისობა აჩერებს შეთანხმებას. სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს ფრთა პირიქით – პასუხისმგებლობას რუსეთის აგრესიასა და კრემლის პოლიტიკას აკისრებს და მიიჩნევს, რომ მოსკოვი მხოლოდ მკაცრი სანქციებისა და მტკიცე დასავლური პოზიციის ფონზე დათმობს. წყაროს ინფორმაციით, თავად დონალდ ტრამპი ხშირად მერყეობს ამ ორ პოზიციას შორის და კონკრეტულ ვერსიაზე გადაწყვეტილებას მუდმივად ცვლის.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი უმოქმედობით საქართველოს კიდევ უფრო სწრაფად კარგავს – ზურაბიშვილის ინტერვიუ „ფრანს 24-თან”
შემდეგი სტატიადრისკოლს უკრაინის „დამარცხებაზე“ არ უსაუბრია – რუბიო