ბაღდადში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ვაშინგტონი და ბაღდადი „თანამშრომლობის ინტენსიფიკაციაზე“ შეთანხმდნენ. მიზანია, აღიკვეთოს თავდასხმები ამერიკულ ობიექტებზე და გარანტირებული იყოს, რომ ერაყის ტერიტორია არ იქნება გამოყენებული პლატფორმად აშშ-ის წინააღმდეგ იერიშების მისატანად.
მხარეებმა გამოაცხადეს „უმაღლესი ერთობლივი საკოორდინაციო კომიტეტის“ შექმნა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს ერაყის ტერიტორიაზე თავდასხმების აღკვეთას.
28 თებერვალს ირანზე განხორციელებული აშშ-ისრაელის იერიშების შემდეგ, ერაყი კონფლიქტში აქტიურად ჩაერთო.
ერაყში მოქმედი შეიარაღებული ფრაქციები, რომლებიც ხშირად ერაყის უსაფრთხოების ძალებშიც არიან ინტეგრირებულნი, რეგულარულად ახორციელებენ დრონებითა და რაკეტებით თავდასხმებს ამერიკულ სამიზნეებზე, მათ შორის ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე.
თავის მხრივ, აშშ-იც პერიოდულად ახორციელებს საპასუხო იერიშებს ამ დაჯგუფებებზე, რასაც ბაღდადში დაძაბულობის ზრდა მოჰყვება.
„ერაყის და აშშ-ის მხარეებმა გადაწყვიტეს, აღკვეთონ ტერორისტული თავდასხმები და უზრუნველყონ, რომ ერაყის ტერიტორია არ იქნას გამოყენებული აგრესიის წერტილად“, — ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.















