აშშ, 60-ზე მეტ პირს, მათ შორის “ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს, სავიზო შეზღუდვებს უწესებს – განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აკეთებს.
“სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე იღებს დამატებით ზომებს სავიზო შეზღუდვების დაწესების მიზნით 60-ზე მეტ ქართველზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში, ასევე მათ ოჯახის წევრებზე. ეს პირები არიან ხელისუფლებისა და მუნიციპალური მოღვაწეები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით, ასევე კორუფციულ პრაქტიკაში ჩართული ბიზნეს ლიდერები, დეზინფორმაციის გავრცელებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ხელშემწყობი პირები, სამართალდამცავები, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების ცემაში და პარლამენტის წევრები, რომლებმაც გადამწყვეტი როლი ითამაშეს არადემოკრატიული კანონმდებლობის მიღებასა და სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვაში.
ჩვენ კვლავ შეშფოთებულები ვართ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევითა და ანტიდემოკრატიული ქმედებებით და განვაგრძობთ საპასუხოდ დამატებითი ქმედებების განხილვას. შეერთებული შტატები ცალსახად უჭერს მხარს ქართველების უფლებებს, შეიკრიბონ, ისაუბრონ და მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი”, – განაცხადა ბლინკენმა.