„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, დღევანდელ ვითარებაში, ნაცვლად იმისა, რომ საქართველო იღვწოდეს, ნატო-ს წევრი გახდეს და თავისუფალი სამყაროს ნაწილი გახდეს, რათა დაცული იყოს რუსული აგრესიისგან, რუსეთის მოკავშირე ჩინეთის მიმართ განაცხადის გაკეთება, ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯია.
ბოკერიას შეფასებით, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება, არა ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური განაცხადია.
„გვახსოვს წულუკიანის შავრაზმული განცხადებები, ზოგადად, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ იყო შემოღებული მდიდარი ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით – კერძოდ ჩინეთზეც, მისი ყველაზე მდიდარი და წარმატებული ნაწილის, ჰონგ-კონგში მცხოვრები მოქალაქეების ან იმათ მიმართ, რომელთაც უკვე ჰქონდათ ამერიკის ან ევროკავშირის ვიზა. ამ ყველაფერს თავს ესხმოდნენ შავრაზმული პოზიციებიდან და ახლა მთელი ჩინეთის მოქალაქეებისთვის აპირებენ უვიზო მიმოსვლის დაშვებას. ეს არის აშკარად გეოპოლიტიკური განაცხადი და არა ეკონომიკური“,- განაცხადა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.